ივერიონი / მამუკა გიორგაძე: ხელისუფლება წინასწარ გვეუბნება, რომ გააყალბებს არჩევნებს და მოიპოვებს გამარჯვებას!

მამუკა გიორგაძე: ხელისუფლება წინასწარ გვეუბნება, რომ გააყალბებს არჩევნებს და მოიპოვებს გამარჯვებას!

 


„ივერიონს“ საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების საკითხზე და მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა.


-ბატონო მამუკა, პარლამენტის კომიტეტებში იწყება სარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციული ოლქების გამსხვილება-გაერთიანებას და მაჟორიტარული სისტემის არჩევნებს ეხება.


პროექტით საარჩევნო ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანება გათვალისწინებულია ამომრჩეველთა სიების მიხედვით. ასე მაგალითად, სამეგრელოს ორ-სამ რაიონს შეიძლება ჰყავდეს ერთი მაჟორიტარ-დეპუტატი, მაშინ, როცა თბილისს, აღნიშნული პროექტით, ეყოლება -18.


როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ასეთი აბსურდული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას და რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ეს ინიციატივა?


-ამ კითხვაზე ერთადერთი მარტივი პასუხი არსებობს - ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ძალაუფლების განსამტკიცებლად და იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმრავლესობის მომავალ პარლამენტში ყოფნა, მიიღეს ეს აბსურდული გადაწყვეტილება. რომელიც შორსაა, არა მარტო, დემოკრატიული პრინციპებისგან, არამედ ზოგად სამართლებრივ განსაზღვრასთან!
ესაა გადაწყვეტილება, რომელიც უფრო და უფრო მეტად აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ აქ მთავარი სხვაა, ანუ, ის, რომ - საერთოდ არჩევნები ტარდება საიმისოდ, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების საშუალებით ჩამოყალიბდეს მომდევნო ოთხ წელიწადზე. არჩევნები ესაა - მოსახლეობის კონსენსუსი, თუ როგორი ცხოვრება გვინდა მომავალ 4 წელიწადში. ჩვენთან კი, საუბარია არა კონსენსუსზე, არამედ, მანიპულირებაზე, თუ როგორ მოატყუონ მოსახლეობა. მითუმეტეს, რომ არაა დადგენილი ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა და არ გვაქვს აღწერითი მონაცემები! ხელისუფლება კი მზადაა ნებისმიერ სისულელეზე გადართოს დებატები, ოღონდაც არ იყოს საუბარი ამომრჩეველთა რაოდენობაზე!


დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების ტრადიციას. ის იყენებს ყველანაირ ძალ-ღონეს, რათა ქართველ ხალხზე მოიპოვოს გამარჯვება და ამით საკუთარი ძალაუფლება უზრუნველყოს!


-რამდენადაც ცნობილია, 2020 წლიდან გათვალისწინებულია მაჟორიტარული  სისტემის საერთოდ გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.


რამდენად სამართლიანია ეს მაშინ, როცა საქართველოში პროფესიული პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ და ლოკომოტივი მხოლოდ ერთ ლიდერზეა მიბმული...


თქვენი კომენტარი...


-ამ ხელისუფლების გადასაწყვეტი არაა ის, თუ რა იქნება 2020-ში! დღევანდელი ხელისუფლება ხალხს პირდება იმას, რისი უფლებაც არ აქვს - ესაა საბჭორ- ბოლშევიკური აზროვნება! რა იცის მან, რა იქნება 2020-ში? - იქნებ 2016-ში აგებს არჩევნებს?.. სწორედ ესაა, მათი ბოლშევიზმი და ფსიქოლოგიური სახე, წინასწარ გვეუბნებიან, რომ უკვე აყალბებენ არჩევნებს და ნებისმიერი გზით ეცდებიან და მოიპოვებენ კიდეც ამ გამარჯვებას...


გვინდა თუ არა, ჩვენ უნდა წავიდეთ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით! ეს გზა კი პარტიების გაძლიერების გზაზე გადის! ამიტომ, უნდა მივიღოთ ისეთი კანონი  და შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვების და იდეოლოგიების მქონე პოლიტიკური ძალების არსებობას!


დღეს გვაქვს საბჭოურ-კლანური მმართველობა, რომელსაც ნომინალურად პარტიებს უწოდებენ, ეს კი არაა პარტიები, ესაა - ბელადი, რომლის გარშემო ადამიანების გარკვეული ჯგუფი დგას!


საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს კლანური მმართველობა!


        ესაუბრა კარინა გრიგორიანი

1-12-2015, 13:26
უკან დაბრუნება