ივერიონი / სევდია უგრეხელიძე: მაჟორიტარული სისტემა ხმების ყიდვის წყაროა!

სევდია უგრეხელიძე: მაჟორიტარული სისტემა ხმების ყიდვის წყაროა!


„ივერიონს“ საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე და მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე, თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე  სევდია უგრეხელიძე ესაუბრა.


-ქალბატონო სევდია, პარლამენტის კომიტეტებში იწყება სარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების გამსხვილება-გაერთიანებას და მაჟორიტარული სისტემის არჩევნებს ეხება.


პროექტით საარჩევნო ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანება გათვალისწინებულია ამომრჩეველთა სიების მიხედვით. ასე მაგალითად, სამეგრელოს ორ-სამ რაიონს შეიძლება ჰყავდეს ერთი მაჟორიტარ-დეპუტატი, მაშინ, როცა თბილისს, აღნიშნული პროექტით, ეყოლება -18.


როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ასეთი აბსურდული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას და რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ეს ინიციატივა?


-მაჟორიტარული სისტემა, რომ არაა სამართლიანი და რომ იგი უნდა შეიცვალოს, ამას დღევანდელი ხელისუფლება თვითონაც აღიარებს, რადგან ეს იყო მათი დაპირება. მაგრამ ჩვენ გვედავებიან და ამ დროს თვითონაც არ აკეთებენ და თავს იმართლებენ იმით, რომ მზად არ ვართო. რა ასეთი მოუმზადებლები და უსწავლელები არიან, რომ 2020 წლისთვის გადადეს?..


მაჟორიტარული სისტემა საერთოდაა გასაუქმებელი, ვინაიდან ის არის ხმების ყიდვის წყარო!


რაც შეეხება დაჯგუფებებს - ჩვენ უკვე მოვისმინეთ არასაპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრება და საპარლამენტოსიც, ეს დაჯგუფება ისეა გაკეთებული, რომ მორგებულია მათ ინტერესებზე. აქ მთავარი ისაა, რომ ის საკონსტიტუციო დადგენილების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ამბობს, რომ ამ საარჩევნო ოლქებს შორის რაოდენობრივი განსხვავება, მხოლოდ 10-15%-ი შეიძლება იყოს, ამ პროექტით კი - 80%-ს აღწევს!


აქედან გამომდინარე, სხვას რას უნდა ველოდოთ ამ ყველაფრისგან, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მათ პირად ინტერესებზეა მორგებული!


-რამდენადაც ცნობილია, 2020 წლიდან გათვალისწინებულია მაჟორიტარული  სისტემის საერთოდ გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.


რამდენად სამართლიანია ეს მაშინ, როცა საქართველოში პროფესიული პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ და ლოკომოტივი მხოლოდ ერთ ლიდერზეა მიბმული...


თქვენი კომენტარი...


- სწორედ აღნიშნული სისტემის დამკვიდრება მოგვცემს იმას, რომ ლოკომოტივი მხოლოდ ერთ ლიდერზე არ იქნება მიბმული! ეს გამოიწვევს პროფესიული პოლიტიკური პარტიების შექმნას და ამის შემდეგ, ყველაფერი გადავა  პროფესიულ რელსებზე!


ცხადია, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მაგრამ, თუ არ დაიწყება, ვერც გაკეთდება! ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს 2016 წელს  უნდა დაწყებულიყო, მეტიც, ეს ჩვენს დროსაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ოპზიციას, სრულიად უსამართლოდ, ისეთ რეჟიმში ვყავდით, რომ არ გვეძლეოდა საშუალება სრულად გამოგვეყენებინა ჩვენი რესურსები!


      ესაუბრა კარინა გრიგორიანი

1-12-2015, 13:55
უკან დაბრუნება