ივერიონი / რა ახალი სტრატეგია მიიღო ნატომ?

რა ახალი სტრატეგია მიიღო ნატომ?


ნატო-მ ე.წ. ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგია მიიღო.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში , ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სააგენტო "დოიჩე ველე" იტყობინება, ალიანსი ახალი სტრატეგიის განხორციელებისას, ქმედებებს ევროკავშირთან შეათანხმებს, რადგან ჰიბრიდული ომი შეიცავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ელემენტებს. ახალი სტრატეგიის დეტალები უცნობია. სტოლტენბერგის თქმით, ის ეფუძნება "მომზადებას, შეკავებასა და თავდაცვას".

ე.წ.ჰიბრიდული ომისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ, შესაძლოა, სწრაფი რეაგირების სპეციალური ძალებიც გამოიყენონ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყებამ უნდა აამოქმედოს ნატო-ს წესდების მეხუთე სტატია, რომელიც აგრესიის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.


ნატო-ში ჰიბრიდულ ომს უწოდებენ ტაქტიკას, რომლის დროს ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებები არ გამოიყენება. ჰიბრიდული ომი შეიცავს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ელემენტებს, ასევე ეკონომიკური ზეწოლისა და სპეცდანიშნულების ძალების ფარულ გამოყენებას.
დასავლეთმა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებაში არაერთხელ დაადანაშაულა.

2-12-2015, 11:11
უკან დაბრუნება