ივერიონი / სოსო მანჯავიძე: „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის „შვილობილი“ ტერორისტული ორგანიზაციაა!

სოსო მანჯავიძე: „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის „შვილობილი“ ტერორისტული ორგანიზაციაა!

 

„ივერიონს“ აქტუალურ საგარეო და საშინაო საკითხებზე თბილისის საკრებულოს წევრი, სოსო მანჯავიძე ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება პარიზის ბოლო სამიტიდან, როგორც „ ივერიონთან“ საუბარში, ბატონმა მამუკა არეშიძემ განაცხადა - რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა სამიტის ძირითადი თემა, ანუ - გლობალური დათბობის პრობლემა გადაფარა...

 

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები: ავიცილებთ თუ, არა სამხედრო ესკალაციას ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე?

 

-მოგეხსენებათ, ბოლო ინფორმაციები თურქეთის მიერ სრუტეების გადაკეტვაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იქნება. 1936 წლიდან არსებობს ხელშეკრულება, რომელიც თურქეთს უკრძალავს სრუტეების გადაკეტვას. შესაბამისად, ის განცხადებები და მოქმედებები, რომლებსაც თურქეთი ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებს, ძალიან დიდი საფრთხეების შემცველია. ამასთან, სრუტეების საკითხი, ბოლო ორი-სამი საუკუნეა, ზოგადი ევრაზიული პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა!

 

ესკალაციის შემთხვევაში საქმე გვექნება მასშტაბურ მოვლენასთან! გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ თურქეთის გენშტაბი დამასკოზე შეტევის მისატანად ემზადება. ის პროვოკაციული მოქმედება, რომლის შედეგადაც ჩამოგდებულ იქნა თვითმფრინავი.( რასაც მოყვა ესკალაცია), სწორედ ამ პოლიტიკური მიზნის მისაღწევადაა გამიზნული. ცხადია, თურქეთის  არმიას შეუძლია ასეთი ოპერაციის განხორციელება, მაგრამ ამას მოყვება წარმოუდგენელი შტურმები რუსეთის მიერ - მთელი თავისი სამხედრო ძლიერების გამოყენება, ანუ კონვენციული  სრულმასშტაბიანი ომის წარმოება!

 

ჩვენ ვიმყოფებით ამ დაპირისპირების ეპიცენტრში, რადგან ორივე ქვეყანას ვესაზღვრებით. გასათვალისწინებელია ის, რომ სრუტეების გადაკეტვის შემთხვევაში რუსეთისთვის ერთადერთი სამხედრო დერეფანი სწორედ საქართველოა!

 

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი  სამხედრო გადასვლას დააპირებს, ის გამოიყენებს გზის  ყველა მიმართულებას, რომელიც ერთის მხრივ არის ცხინვალი-როკის გვირაბი, შემდგომ სომხეთზე, ირანზე, მეორე მიმართულებაა - აფხაზეთის და მესამე - სამხედრო გზა, ანუ - ყაზბეგის გზა. ცხადია, თავისი სამხედრო მიზნებისთვის რუსეთი სამივე ამ ტრასას გამოიყენებს! 

 

საქართველოს მხრიდან, ნეიტრალიტეტზე საუბარი სასაცილოა, ჩვენ, ამ შემთხვევაში გეოგრაფიული არეალი ვართ და ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება ნაკლებადაა ანგარიშგასაწევი! აქედან გამომდინარე, უნდა ვიმუშაოთ დიპლომატიურად, უნდა გამოვიყენოთ სახალხო დიპლომატია. ამასთან, რუსეთთან ურთიერთობაში, ძალიან დიდია ეკლესიის ავტორიტეტი და როლი!

 

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა აქ ძალით გაიკვლიოს გზა! მეხუთე კოლონას, რომელიც დაკავებულია ანტირუსული რიტორიკით, არ უნდა მივცეთ საშუალება, მიიყვანოს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ რუსეთმა შეძლოს გზის ძალით გაკვლევა!

 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთებს რუსეთის და პუტინის სიძულვილით გონება აქვთ დაბინდული, რომელსაც მზად არიან გადააყოლონ ქვეყანა. არ ითვაისწინებენ, რომ სწორედ თურქეთის შვილობილი, ტერორისტული ორგანიზაციაა „ისლამური სახელმწიფო“ , რომელიც უნივერსალური იარაღია  ჰიბრიდული ომების საწარმოებლად. გასათვალისწინებელია, თუ რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოში ISIS-ის  მოქსევა, მით უფრო, რომ არ გაგვაჩნია ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სამხედრო გამოცდილება, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს!

 

-რამდენადაც ვიცით, რუსეთი თურქულ პროდუქციაზე 2016 წლის 1 იანვრიდან, ემბარგოს აწესებს.

 

რა გავლენას მოახდენს ეს რუსეთ-თურქეთის და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაზეც?

 

-საქართველო დაკარგავს თურქული ტრანზიტიდან შემოსავალს, რომელიც მართალია, არც ისეთი დიდია, მაგრამ საგრძნობია. ის მოლოდინი, რომ ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, თითქოს ამით ჩვენ გარკვეულ სარგებელს მივიღებთ, თითქოს გადავაკრავთ თურქულ პროდუქციაზე ქართულ ნიშანს და გავიტანთ რუსეთში - ეს აბსოლუტურად არ ექვემდებარება რეალობას და მის არცოდნაზე მიანიშნებს!

 

რუსეთს, საკმაოდ განშტოებული ბიუროკრატია აქვს საიმისოდ, რომ თუ აქვთ პოლიტიკური დავალება არ შეუშვან თურქული პროდუქცია და ასეთ დროს ვერ გაარჩიონ ქართული და თურქული საქონელი. ეს, რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ, ელემენტარულად, რუსული დაზვერვა ვერც იარსებებდა!..

 

ამასთან, ის მოლოდინი, რომ რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დეფიციტი შეიქმნება - ეს აბსურდულად არარეალური მოლოდინია. პირიქით, აქ მოხდება ის, რომ რუსეთი შუა აზიურ და იგივე კავკასიურ რესპუბლიკებს მიაბამს თავის ეკონომიკას. 

 

რაც შეგვეხება საქართველოს, ჩვენ არ გვაქვს სოფლის მეურნეობა! ის, მიზანმიმართულად გავანადგურეთ და გაგვინადგურეს! შესაბამისად, არ გვაქვს ნამატი პროდუქცია, რომ დაუშვათ, იმ სანქციების შედეგად წარმოქმნილი დეფიციტი შევავსოთ და გავხდეთ ექსპორტიორები!

 

-მოდით, გლობალურ თემას გადავუხვიოთ და ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ...

 

როგორ აფასებთ, პარლამენტის კომიტეტებში განსახილველად ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციული ოლქების გამსხვილებას ითვალისწინებს...

 

ზოგადად, რა აზრის ხართ მაჟორიტარული არჩევნების პრინციპზე?

 

-ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად საქართველოში არსებობდეს ორპალატიანი პარლამენტი, როგორც ეს არის კონსტიტუციაში! 

 

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ამაზე უფრო საგნობრივი მსჯელობაა საჭირო და მოსახლეობაც უნდა იყოს ინფორმირებული. თუ რეალური არჩევნები გვინდა, მაშინ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ხელისუფლებამ უნდა გახსნას საზოგადოებასთან დიალოგის რეჟიმი, ეს უნდა იყოს ფართომასშტაბის მსჯელობის საგანი და უნდა მოხდეს მოდელირება იმისა, თუ როგორ სტრუქტურას და სისტემას ვქმნით, რამდენადაა ის ჰარმონიული ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასთან და რა პოლიტიკურ-ეკონომიკურ შედეგებს გამოიღებს!

 

              ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

2-12-2015, 16:11
უკან დაბრუნება