საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ. ამ კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია (ქართულად - პატიება) შეეხება იმ პირებს, რომელთაც ჩადენილი აქვთ სამოხელეო დანაშაული, ასევე პირებს, რომლებმაც გააყალბეს თავისი თუ სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს სამოხელეო დანაშაულთა ჩამონათვალი: ქრთამის აღება და მიცემა, უფლებამოსილების გადამეტება, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ა.შ. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი და ჰუმანური აქტი საზოგადოებისათვის ნამდვილად საფრთხის შემცველია და აი, რატომ:
უამრავი საქმეა შემოდებული პროკურატურის თაროებზე, რომლებიც აღძრულია უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ საქმეების უმეტესობა შეეხება ადამიანთა წამებას, გამოძიებისათვის ჩვენებების ძალადობრივი გზით გამოძალვით, წამებებით და ღირსების შემლახველი ქმედებებით, ასევე, პირადი ქონებების ასეთივე ხერხებით დათმობის ფაქტებს.
აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოების გაფრთხილება - ეს კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, სწორედ ამ საქმეებში დადანაშაულებულ პირთა და მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელთა მაშველი რგოლია და უსამართლობის დაკანონების მცდელობად გვევლინება. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ეს კანონი საბოლოოდ დაასამარებს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანაში ოდესმე სამართალი იზეიმებს და დამნაშავე პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციის მუშაკებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს თუ შსს თანამშრომლებს პასუხი მოეთხოვებათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება კი, როგორც თავად აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, შეუძლებელი ხდება დანაშაულის უშუალოდ ჩამდენ პირთა აღიარებიღი ჩვენებებისა და მათგან მოპოვებული მტკიცებულებების გარეშე.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დიდია სახელმწიფოს მართვის საშუალო რგოლში წინა რეჟიმის დანაშაულობების თანანონაწილე პირთა რაოდენობა (თვით დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად აპელირებს მათი მხრიდან განხორციელებულ საბოტაჟზე), რაზეც საზოგადოება ისედაც აღშფოთებულია და ახლა, სამოხელეო დანაშაულზე ამნისტია კიდევ უფრო გაამძაფრებს ეჭვს, რომ მოახლოებული არჩევნებთან ერთად იზრდება პირადი თუ პარტიული ინტერესებისათვის დანაშაულის ჩადენაში გაწაფულ პირთა გამოყენების შესაძლებლობა.
კანონპროექტი, ჯერ-ჯერობით ითვალისწინებს 2009 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს (საბოლოო ვარიანტში რა იქნება, არვინ ვიცით). ე.ი. პატიება შეეხებათ 2007 წლის 7 ნოემბრის, გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის და სხვა მეტად თუ ნაკლებად გახმაურებული საქმეების ფიგურანტებსაც. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს. ივანე მერაბიშვილს, ძმებ ახალაიებს, გიგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილს და სხვებს, ამ პიროვნებათა ნაწილს კი, როგორც ვიცით, სტრასბურგის სასამართლო აკისრებს პასუხისმგებლობას.
პატიება შეეხება იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც 2008 წლის ომის დროს თავისი არაკომპეტენტურობით თუ მიზანმიმართული ქმედებებით აზარალებდნენ სახელმწიფოს და მათი ქმედებების შედეგად უამრავი სისხლი დაიღვარა, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე მშვიდობიანი მოსახლეობისა.
ასევე შეეხება პატიება იმ პირებს, რომლებმაც საიდუმლო მოლაპარაკებების გზით ომის შემდეგ კონტრიბუციის სახით რუსეთის მხარეს გადასცეს უამრავი სტრატეგიული ობიექტი.მაგალითად, საიდუმლო მემორანდუმი ენგურჰესის ექსპლუატაციის შესახებ.
მსგავს დანაშაულთა სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
და ეს ყოველივე ხდება იმ ფონზე, როცა დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან საზოგადოება არათუ სინანულს ვერ გრძნობს, არამედ მათგან დაზარალებული პირებისა თუ აღშფოთებული საზოგადოების მიმართ ცინიკური, თავხედური და შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.
სრულიად შეუსაბამოა ეს პროცესი მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლება ღიად საუბრობს და მოსახლეობას აშინებს წინა რეჟიმის წარმომადგენელთა, ანუ ამ კანონით პოტენციურ ამნისტირებულთა, რევანშისტულ მისწრაფებებსა თუ ქმედებებზე, მაშინ, როდესაც ყოველდღე ფარულ ჩანაწერებს ავრცელებენ და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფო გადატრიალების მუხლით.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ურთიერთშეთანხმებულ მოღვაწეობას და ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი სამართლებრივი ჩაგვრისა და გაღატაკების ფონზე ხდება.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი არის მცდელობა გადაიფაროს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩაგდებული სასამართლოსა თუ პროკურატურის რეფორმები.
ფაქტია, დიდი ხმაურით შეცვლილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასმული ერთი მოსამართლე და ახლადარჩეული მთავარი პროკურორი, ფსევდორეფორმები ძირეულ სისტემურ ცვლილებებს ვერ თუ არ უზრუნველყოფენ და ყველა ეს სვლა მხოლოდ პიარზეა გათვლილი.
დროა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ ობიექტურად შეაფასოს რა საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას და მოსახლეობის დაცულობას „ნაციონალური ოცნების“ ხელისუფლება და კიდევ რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ, მათ მიმართ „ჭარბი ნდობის“ პირობებში.
„სახალხო პარტია“ 02.11.2015