ირაკლი ოქრუაშვილი აღიარებს, რომ მისი შს მინისტრობის დროს ადამიანებისათვის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების ფაქტები ხდებოდა.
მე-9 არხის ცნობით, ეს განცხადება საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა გიორგი თევზაძემ გააკეთა. მან დღეს გლდანის მე-8 საპყრობილეში ოქრუაშვილი მოინახულა.
როგორც გიორგი თევზაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილი აღიარებს აღნიშნულ ფაქტებს, იმასაც აცხადებს, რომ ეს ხდებოდა ინერციით და ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამ უკანონობა.
“მას სჯერა სამართლიანი სასამართლოსი და იძახის, რომ ის გამოადგება ხელისუფლებას და დაუდგება გვერდში სამართლიანობას. არ ვიცი, რა საქმეებთან დაკავშირებით აპირებს თანამშრომლობას, ალბათ, მის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი”, - განუცხადა თევზაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად 2004 წლის 7 ივნისს დაინიშნა, 16 დეკემბერს კი, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა. მანამდე იგი რამდენიმე თვის განმავლობაში გენერალურ პროკურორად მუშაობდა.