ივერიონი / როგორ შეაფასა თინათინ ხიდაშელმა ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებები?

როგორ შეაფასა თინათინ ხიდაშელმა ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებები?

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა  ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებები და საქართველოს შესახებ მიღებული კომუნიკე შეაფასა. თინათინ ხიდაშელმა კომენტარი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა. მან მონტენეგროს ნატოში მიწვევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ამ წარმატებაზე სხვა ასპირანტი ქვეყნების მომავალი წარმატება დაშენდება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ნატოს მინისტერიალზე, რადგან 2009 წლის შემდეგ ნატო არ გაფართოებულა, მონტენეგროს გაწევრიანება რა თქმა უნდა, უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველია ასპირანტი ქვეყნებისთვის და მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოსთვის. ამ კომუნიკესაც თუ წავიკითხავთ, ყველაზე მაღალი შეფასება, სწორედ, საქართველოს აქვს, ასევე, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რომ პირველად გაჩნდა კომუნიკეში ჩანაწერი საქართველოს წევრობის გზაზე დადგომის შესახებ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი მინისტერიალის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.

 

„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პროგრესზე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ვარშავის სამიტზეც“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

2-12-2015, 20:13
უკან დაბრუნება