„ივერიონს“ ქვეყანაში მიმდინარე აქტიურ საშინაო საკითხებზე, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
-ბატონო გია, თქვენ გუშინ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ საპარლამეტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებაც ვერ უშველის...
ამასთან, ხმამაღლა აცხადებთ, რომ „ქართული ოცნების“, ანუ ბიძინა ივანიშვილის რეალური კონკურენტი სწორედ პაატა ბურჭულაძეა...
რას ემყარება თქვენი პროგნოზები, იმ ფონზე, როცა პაატა ბურჭულაძის გაპოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებაში პრეტენზიება უკვე გაისმა...
-ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნება პრეტნზიები და ეს გასაგებიცაა. პაატა ბურჭულაძეზე არაფერს არ ვამბობ დაბეჯითებით, რადგან ის ჯერ უნდა გამოიცადოს და გამოიწვრთნას პოლიტიკაში. ბუნებრივია, მას მოუხდება საკმაოდ ძლიერი შეტევების გადალახვა და ამის შესაბამისად, ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ გაუძლებს ის ამ შეტევებს და რამდენადაა მზად რეალური პოლიტიკისთვის!
არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად იქნება კონკურენტი. უბრალოდ, არსებობს თეორიული შანსები, რომ თუკი ის ქართული პოლიტიკის ლაბირინთებს გაივლის და დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკაში, ამ შემთხვევაში მას ექნება შანსები. მით უფრო, „ქართული ოცნება“ დიდწილად დევალვირებულია ქართულ პოლიტიკაში - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია მის მიმართ!
ამასთან, პოლიტიკური ელიტა, მწვავე კრიზისშია შესული. ნებისმიერი ახალი მოთამაშის გამოჩენა, რომელიც არაა დამძიმებული წარსულის ცოდვებით, მარცხით და ჯერ არაა გამოჭერილი ტყუილში, საპროტესტო ელექტორატისთვის, რომელიც თვლის, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და კიდევ უარესი ოპოზიცია, ბუნებრივია, საინტერესო ფიგურა ხდება!
„ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მას არ აქვს უნარი, მოახდინოს ისეთი რეორგანიზაცია, რომ არჩევნებში წარმატებული იყოს! ცხადია, ივანიშვილის აქტიურობა მას საგრძნობლად მიეხმარება. მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს საკმარისი.
ქართულ საზოგადოებაში, პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართაც ჩამოყალიბდა გარკვეული სტერეოტიპები! საიმისოდ, რომ მისი პოლიტიკაში, თუნდაც ერთჯერადი შემობრუნება წარმატებული იყოს, უკვე აღარ იქნება საკმარისი მისი პოლიტიკური რიტორიკა. ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მან არ შეასრულა დაპირებები! შესაბამისად, ისინი უკვე მისგან მოითხოვენ, არა დაპირებას, არამედ ასრულებას! ეს კი, ჩემი აზრით, იქნება პრობლემური და სწორედ ეს მიქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნება უკვე დაგვიანებულია...
-თქვენ ასევე აცხადებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ივანიშვილი ბურჭულაძის გაპრეზიდენტებას აპირებდა, მაგრამ არ გამოვიდა...
იქნებ დააკონკრეტოთ, რამ შეუშალა ამას ხელი და ბურჭულაძე პრეზიდენტად, რომ აგვერჩია იქნებოდა, თუ არა ის უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე მარგველაშვილია?
-პაატა ბურჭულაძის გაპრეზიდენტებაზე ასეთი კატეგორიული აქცენტი არ ყოფილა. ამაზე უბრალოდ იყო საუბრები, მათ შორის ბურჭულაძესთანაც. ეს იყო იდეა, რომელიც გარკვეულ პოზიციამდე არ მისულა.
ჩვენ ვიყავით რეჟიმთან ბრძოლის ეტაპზე და ვფიქრობდით, რომ თუ ბატონი პაატა გახდებოდა სამომავლოდ საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს წაადგებოდა საერთო საქმეს და ქვეყნისთვის იქნებოდა კარგი! მე ახლა ვერ ვისაუბრებ იმ მოლაპარაკების დეტალებზე, მითუმეთუმეტეს, ეს არ გადასულა კონკრეტულ აქტიურ ფაზაში და რაღაც ეტაპზე შეწყდა.
რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს, იქნებოდა, თუ არა ბურჭულაძე უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე მარგველაშვილია - ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მარგველაშვილი კარგი პრეზიდენტია! ის ცდილობს შეუნარჩუნოს ხელისუფლების ამ შტოს დამოუკიდებლობა და შეასრულოს თავისი კონსტიტუციური მოვალეობა და ვალდებულებები. რამდენად კარგად, ან ცუდად გამოსდის - ეს სხვა საკითხია.
სახელმწიფოსთვის და მისი სამომავლო განვითარებისთვის, საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა, ვთვლი, რომ პოზიტიურად უნდა ფასდებოდეს!
-თქვენ ხშირად ამბობთ, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომლის პოლიტიკური ნება არც ამ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა.
ამ ფონზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა სახელისა და გვარის ცვლას პოლიტიკაში, მითუმეტეს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშვიდად ირგებს არსებულ სისტემას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ...
-სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ან პიროვნება ირგებს სისტემას, ან პირიქით - სისტემას აყავს მძევლად პიროვნება. მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია...
ყველა ციკლში ასე მოხდა. დღესაც, თუნდაც ის, რომ ერთის მხრივ თითქოს საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე და მეორეს მხრივ ისეთი პიროვნებები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ნეგატიური პროცესების თანამონაწილეები და აღმასრულებლები, იგივე შოთაძე, მურუსიძე - ასეთი ადამიანები დღეს ისევ ძლიერდებიან და უნდათ ინსტიტუციების პირველ პირებად მოგვევლინონ. ეს ცხადია, კითხვებს ბადებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემამ, დღევანდელი ხელისუფლებაც აიყვანა მძევლად და ამ მხრივ გარკვეული კონტრრევოლუცია დაიწყო.
თუ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდა, სახელისა და გვარის ცვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მართალია, რეჟიმის დამარცხება რთული ამოცანა იყო, მაგრამ უფრო რთული სისტემის დამარცხებაა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა!
სისტემამ მოახერხა და ხელისუფლება აიყვანა მძევლად და დღეს უკვე კონტრშეტევაზეა გადასული. მას გაუჩნდა ამბიცია, რომ თვითონ კარნახობდეს თამაშის წესებს!..
-საინტერესოა თქვენი აზრი მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა. აღნიშნული ცვლილების მიმართ, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა პრეტენზიები...
-დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მუდმივად არის ამაზე საუბარი. მაჟორიტარული სისტემა არაა სამართლიანი, ის არითმეტიკულადაც არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობას! ეს სისტემა იწვევს იმას, რომ შესაძლებელია დაუშვათ, 40%-ი რეიტინგის მქონე პარტიამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში. ბუნებრივია, ეს მუდმივი დაძაბულობის და არასტაბილურობის საფუძველს ქმნის!
შესაბამისად, ის პარტიებიც, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, მუდმივად იბრძოდნენ ამ სისტემის წინააღმდეგ. მაგრამ, დღეს, როგორც ჩანს, ხელისუფლების პოზიციებიდან სამართლიანობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები სხვანაირად ჩანს. ფაქტობრივად, დღეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც კიდევ უნდათ ამ სკამებზე ჯდომა და ამიტომ - მოდი კიდევ ოთხი წლით გადავდოთ დემოკრატიული პროცესები - მხოლოდ ეს შეგვიძლია ხელისუფლების არგუმენტად ჩავთვალოთ, რაც მძიმე დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა.
აქ არაა საუბარი სახელმწიფო ინტერესებზე, არამედ საუბარია ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც ისე მიეჯაჭვნენ თავიანთ სავარძლებს, რომ ვერ იმეტებენ მათ, სახელმწიფო ინტერესებისთვის!
-გუშინ ქართული მხარე კიდევ ერთხელ „პირში ჩალა-გამოვლებული“ დარჩა...
საქართველოს ნატოს კარები კიდევ ერთხელ მიუხურეს და მონტენეგროსავით იღბლიანი არ აღმოვჩნდით.
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ხომ არ თამაშობს აქ რუსეთის ფაქტორი და ჩვენ მუდმივად საზღაპრეთში გვამყოფებენ?
-რუსეთის ფაქტორი,ცხადია, მთავარ როლს თამაშობს. ეს გასაგებიცაა და ვერც გავამტყუნებ ამის გამო დასავლეთს.
აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მუდმივად იქმნება მაღალი მოლოდინი და საბოლოო ჯამში შედეგი უარყოფითია. მეტიც, ის, რაც დღეს დაიწერა იმაზე უარესია, ვიდრე ადრე გვეუბნებოდნენ. ადრე, თუ საუბარი იყო იმაზე, რომ მაპის მიღების გარეშე იყო თეორიული შანსები ნატოში შესასვლელად, დღევანდელ დოკუმენტებში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მხოლოდ მაპის გავლით მოხდება. შესაბამისად კიდევ უფრო განუსაზღვრელი ვადით გადაიწია „ნატოში“ შესვლამ. ამ ფონზე კი მიკვირს ხელისუფლების საზეიმო განწყობა და ერთადერთი დასკვნის გამოტანა ამ ყველაფრიდან, ალბათ ისაა, რომ იმ უხერხულობების გადაფარვას ცდილობენ, რაც ამ ყველაფერს ახლავს.
ესაუბრა კარინა გრიგორიანი