„ივერიონს“ აქტუალურ საკითხებზე უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.
-ბატონო დიმიტრი, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება პარიზის ბოლო სამიტიდან, როგორც „ ივერიონთან“ საუბარში, ბატონმა მამუკა არეშიძემ განაცხადა - რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა სამიტის ძირითადი თემა, ანუ - გლობალური დათბობის პრობლემა გადაფარა...
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები: ავიცილებთ თუ, არა სამხედრო ესკალაციას ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე?
-ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. იქ ცალსახად გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი არ აპირებს იარაღის ჟღარუნს და იარაღის ძალით მოქმედებას, არამედ, აპირებს გარკვეული სანქციების გზით სვლას, რითაც თურქეთს იმ საბედისწერო შეცდომას შეახსენებს, რომელიც სირიის ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ გამოიწვია.
იმ ფონზე, რომ თურქეთს ჰქონდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინტერესები რუსეთის ბაზარზე შესვლის თვალსაზრისით, რაც გულისხმობდა: ციტრუსების 25%-ს, ბოსტნეულის 20%-სა და 12%-ს რუსეთის მიერ ექსპორტირებული ხორბლის ათვისების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზულ სავაჭრო ეკონომიკურ კოლაფსს შექმნის ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც სტრატეგიული ურთიერთ თანამშრომლობით გამოირჩეოდნენ.
აქედან გამომდინარე, საქართველომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იმოქმედოს. ჩვენ ვიმყოფებით ორ ზე სახელმწიფოს შორის და ჩვენი ისედაც დაზიანებული ინტერესების ფონზე, შესაძლებელია, რომ სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის შემთხვევაში (თუკი ასეთი მოხდება) ჩვენი ინტერესები კიდევ უფრო დაზიანდეს!
რისკები არსებობს, მაგრამ დღეის მდგომარეობით და პარიზში გამართული შეხვედრების ფონზე, რომელშიც დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოს ლიდერებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რუსეთ-თურქეთს შორის დიდ სამხედრო კონფლიქტს გამოვრიცხავ.
-რამდენადაც ვიცით, რუსეთი თურქულ პროდუქციაზე 2016 წლის 1 იანვრიდან, ემბარგოს აწესებს.
რა გავლენას მოახდენს ეს რუსეთ-თურქეთის და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაზეც?
-არსებობს ერთი რუსული გამოთქმა: „არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე“. ამას ვგულისხმობ საქართველოსთან მიმართებაში.
თუკი, მოხდება თურქეთსა და რუსეთს შორის თვითბრუნვის შეზღუდვა და რუსეთი თურქეთს სავაჭრო-ეკონომიკურ ემბარგოს დაუწესებს, ამ შემთქხვევაში, ეს უფრო მეტ პირობას შეუქმნის ქართულ პროდუქციას, ფეხი მოიკიდოს რუსულ ბაზარზე.
ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, რუსეთსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი აღდგება, თურქეთის მუშახელი ვეღარ დასაქმდება რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ტვირთბრუნვა შეჩერდება და მათ შორის შეწყდება ყველანაირი ექსპორტი და იმპორტი.
-ქართული მხარე კიდევ ერთხელ დარჩა პირში ჩალა გამოვლებული. საქართველოს „ნატოს“ კარები კიდევ ერთხელ მოუხურეს და მონტენეგროსავით იღბლიანი არ აღმოჩნდა.
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ხომ არ თამაშობს აქ რუსეთის ფაქტორი და ჩვენ მუდმივად საზღაპრეთში ხომ არ გვამყოფებენ?
-„ნატოს“ წესდების მეხუთე მუხლი, სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრებს პირდაპირ ავალდებულებს, რომ თავი შეიკავონ „ნატოში“ იმ ქვეყნის წევრობისაგან, რომლის ტერიტორიაზეც არის „ნატოს“ არაწევრი სახელმწიფოს ჯარები და ტერიტორიული მთლიანობა არის ხელყოფილი.
ბუნებრივია და სამწუხაროა, რომ საქართველო ზუსტად პასუხობს ამ მოცემულობას. შესაბამისად, საქართველოს „ნატოში“ ინტეგრირების წესდების გათვალისწინების პირობაა დარღვეული. ხოლო ჩვენი პოლიტიკოსები, რომლებიც ვასალური პოლიტიკის პროდუქტს წარმოადგენენ, დასავლეთის კონკრეტული კაბინეტების მიმართ მაამებლურ პოლიტიკას ეწევიან! ისინი ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან!
სხვათაშორის, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ძალიან ობიექტურად დაახასიათა ეს პროცესი. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ცრუ მოლოდინების შექმნას და იმოქმედოს რეალური პოლიტიკის მოცემულობიდან.
ის პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასის განსაზღვრას უნდა გულისხმობდეს, სწორედ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის გზაზე გადის - ამას ამ ეტაპზე და ამ მოცემულობაზე, სამწუხაროდ ალტერნატივა არ გააჩნია!
-დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით.
თქვენი აზრით, რატომ ივიწყებს დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის ჩინოვნიკების ნამოქმედარს, რომლებმაც თავის დროზე თავი გამოიჩინეს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიადამიანური გადაწყვეტილებებით?
-ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ რაც კოჰაბიტაციის მორევში გადაეშვა, ძალიან ბევრი პირობა დაარღვია და დავიწყებას მისცა. მათ შორის, ბუნებრივია საკითხი ეხება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შტოს- სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას და სამართლიან პოლიტიკურ მიდგომას.
ძალიან ბევრი მოსამართლე გვევლინება იმ პირად, რომლებმაც თავის დროზე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყეტილებებით ხალხს დაუმძიმეს უკანონო განაჩენები. ამ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების უკან დგანან ის მოსამართლეები, რომლებიც არამც თუ არ გასულან სისტემიდან არამედ მათ პრეტენზიაც კი აქვთ, რომ უვადოდ იყვნენ გამწესებულნი იმავე სააპელაციო თუ უზენაეს სასამართლოში.
ლევან მურუსიძე, რომელიც გახლდათ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის განმსჯელი მოსამართლე, რა თქმა უნდა უპირველესად საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს, რა მორალური უფლება აქვს, ჰქონდეს პრეტენზია იყოს უვადოდ გამწესებული ქვეყნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში?
ეს, რა თქმა უნდა აბსურდია...
ესაუბრა მედეა შელია