„მიუხედავად შენიშვნებისა, დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები, ძირითადად, სწორად არის გადანაწილებული“-აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ გააკეთა.
ტყემალაძის განცხადებით, დეკემბრის ბოლოს 2016 წლის ბიუჯეტის ისეთი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თბილისელების საჭიროებებს.
„10 დეკემბრამდე ველოდებით თბილისის ახალ ბიუჯეტს. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია იყო ის, რომ ბიუჯეტი ყოფილიყო უფრო პროგრამული და მასში მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო. ბიუჯეტის დაახლოებით 26% ეთმობა სოციალურ საკითხებს, დაახლოებით 16% – ინფრასტრუქტურის მიმართულებას და ასე შემდეგ. ძირითადად, პრიორიტეტები არის სწორად გადანაწილებული, ამას აზრთა დიდი სხვადასხვაობა არ გამოუწვევია. მხოლოდ, ჯანდაცვის კუთხით იყო მოსაზრება, რომ ახალი პროგრამები გაჩნდეს. მოგეხსენებათ, არის მუხლი – „სხვა სოციალური დახმარება“, რომელიც ითვალისწინებს და არ ზღუდავს ჯანდაცვის კუთხით დაფინანსებას ძუძუს კიბოს მიმართულებით, თუმცა გამოითქვა აზრი, რომ დაპროგრამებულიყო, ამ კუთხით სპეციალური პროგრამა შეგვექმნა და 2,5 მილიონი ლარი ყოფილიყო გათვალისწინებული. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, შენიშვნების მაქსიმალურად გასათვალისწინებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ, შევჯერდეთ ბიუჯეტზე. დეკემბრის ბოლოს 2016 წლის ბიუჯეტის ისეთი ვარიანტი გვექნება, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თბილისელების საჭიროებებს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.