ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია - 2025“-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრიამ, მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მოამზადეს.
სამუშაო შეხვედრას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და მსოფლიო ბანკის უფროსი სპეციალისტი ურბანისტიკის სფეროში და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი აჰმედ ეივეიდა თანათავმჯდომარეობდნენ.
სტრატეგია წარმოადგენს 10–წლიან სტრატეგიულ გეგმას ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის ტურიზმის ფასეულობის და მნიშვნელობის ასამაღლებლად. ის შემუშავდა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მეშვეობით, დარგის მდგრადი მომგებიანობის და ზრდის უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გასაზრდელად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სტრატეგიის რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას მთლიან შიდა პროდუქტში დღეს არსებული 1.8 მლრდ აშშ დოლარიდან 5.5 მლრდ აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორისაა ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ტურიზმის სფეროსა და მასთან მიმდებარე სექტორებში.
„მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად გვინდა გაორმაგდეს დასაქმებულთა რაოდენობა ტურიზმში და ტურიზმთან მიმდებარე სექტორებში“ - განაცხადა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი, თავის გამოსვლაში შეეხო ახალ სამიზნე ბაზრებს, ასევე ჩამოთვალა ტურიზმის სექტორის ძირითადი მიმართულებები. მისი განცხადებით, ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, როგორიცაა სამთო-სათხილამურო ან საზღვაო ტურიზმი, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, განავითაროს კულტურულ-შემეცნებითი, რეკრეაციული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო, აგრარული, ე.წ. MICE-ტურიზმი და სხვა მიმართულებები.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტრატეგიის არსებობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, უკეთ დაგეგმოს საქმიანობა, რათა საბოლოო ჯამში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის და მოგზაურობის სფეროს, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
„საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავების პროცესი, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა და მოიცავდა დიალოგს ორგანიზაციების და სპეციალისტების ფართო სპექტრთან, რომელთა შორის იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები, ტურისტული და სატრანსპორტო ოპერატორები, ინვესტორები, დაცული ტერიტორიების და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრების მენეჯერები, სასტუმროების მესაკუთრეები, განათლების სპეციალისტები და საქართველოს საზოგადოების სხვა დაინტერესებული მხარეები.
ჩამოყალიბებული „ხედვა 2025“, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაეთანხმა, შემდეგია: 2025 წლისთვის საქართველო კარგად იქნება ცნობილი როგორც პრემიერ კლასის, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული დანიშნულების ადგილი, გამორჩეული თავისი უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო კლასის სერვისით და სტუმარ–მასპინძლობის უკვდავი ტრადიციით. ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციების, განათლების, მარკეტინგის და უნიკალური ქართული შთაბეჭდილებების შეთავაზების გზით საქართველო ტურიზმის დარგში კონკურენტუნარიანი ქვეყნების პირველ რიგებში იქნება და მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების ყველაზე მაღალი ხარჯვითი პოტენციალის მქონე სეგმენტს.