შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილი აღარ იქნება, გადამხდელთან 5 000 000 ლარის ფარგლებში საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს.
კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დოკუმენტაცია პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი განცხადებას იხილავს და იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ.
2012 წლის 6 ივლისს მთავრობამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმოწერით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში დამატებები შეიტანა. დამატების თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილი გახდა, 5 000 000 ლარის ფარგლებში საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიეღო, პრემიერ-მინისტრის ბრძანების გარეშე.