„ივერიონს“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსთის მოქალაქეობის შეწყვეტაზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა.
-ბატონო ვახტანგ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის გათვალისწინებით, ოფიციალურად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს აწყობს მიხეილ სააკაშვილსაც, რადგან იგი უფრო ადვილად დაუსხლტდება საქართველოს მართლმსაჯულებას.
თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს ახლადდანიშნული მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელიც ამბობს, რომ ეს საქართველოს პროკურატურას ხელს არ შეუშლის ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, რომელიც უკვე სასამართლოშია.
რა კომენტარს გააკეთებთ აღნიშნულთან დაკავშირებით?
-აწყობს, თუ არა ეს სააკაშვილს, ან დღევანდელ ხელისუფლებას - ამაზე მსჯელობა უაზროა! არსებობს კონსტიტუციის პირდაპირი ნორმა, რომ თუ საქართველოს მოქალაქემ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა! ამიტომ, ეს ასეც უნდა მომხდარიყო. სხვაგვარად უბრალოდ დაირღვეოდა კონსტიტუცია!
სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს დანაშაული ჩაიდინა - საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყნის მოქალაქემ, თუ მოქალაქეობის არმქონე პირმა!
საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პირი პასუხს აგებს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელ ქვეყანაშიც ჩაიდინა დანაშაული. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც ისევე შეიძლება გასამართლდეს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ქართველი, თუ არაქართველი - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და პირიქით, სხვა ქვეყანაში შეიძლება გასამართლდეს საქართველოს მოქალაქე, ისევე, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ, ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.
ერთადერთი საკითხია გასათვალისწინებელი, რომ ვთქვათ, დადგა განაჩენი - შესაძლებელი ხდება, თუ არა ამ განაჩენის აღსრულება? - როდესაც პირი იმყოფება საქართველოში, მაშინ განაჩენის აღსრულება პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, თუ სხვა ქვეყანაშია, მაშინ შეიძლება წარმოიშვას ეს პრობლემა - იმ შემთხვევაში, თუ ის სახელმწიფო, სადაც იმყოფება ეს პირი, უარს აცხადებს საქართველოსთვის ამ პირის გადმოცემაზე. და პირიქითაც, დაუშვად ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გასამართლებულია ნებისმიერ ქვეყანაში და მიუსაჯეს, თუ ის იმყოფება საქართველოში და ჩვენ არ გადავცემთ მას იმ ქვეყანას - ის სახელმწიფო ვერ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. აქ უკვე საქმეში შემოდის ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და მათ მიერ აღებული ურთიერთვალდებულებები დამნაშავის გადაცემის თაობაზე.
რაც შეეხება თავად სისხლის სამართლებრივ დევნას და სასამართლო განხილვას - აქ არანაირი პრობლემა არ არის.
პროკურატურა საქმეს იძიებს. საბრალდებო დასკვნას გადასცემს სასამართლოს. შემდეგ უკვე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და გადმოცემის საკითხი შეიძლება დადგეს, როგორც გამოძიების ეტაპზე, მაგალითად, თუ სასამართლომ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, გადმოცემის საკითხი შეიძლება დადგეს უკვე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, თუ მან შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. სწორედ ამ დროს შემოდის საქმეში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და თუ როგორი იქნება ეს ურთიერთობა, ეს მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როცა დადგება ის საკითხი. წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ მოიქცევა უკრაინის ხელისუფლება - ვერაფერს ვიტყვით. აქ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმაა შესაძლებელი.
ესაუბრა კარინა გრიგორიანი