ივერიონი / ჰამლეტ ჭიპაშვილი: შეიძლება ბურჭულაძემ არა თავისი, არამედ „ნაციონალების“, ან „ქართული ოცნების“ თამაში ითამაშოს!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: შეიძლება ბურჭულაძემ არა თავისი, არამედ „ნაციონალების“, ან „ქართული ოცნების“ თამაში ითამაშოს!

 

„ივერიონს“ აქტუალურ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო ჰამლეტ, გუშინ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ - „ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში კიდევ უფრო გაზრდიდა ჩვენი წარმატების შანსებს, მაგრამ ამის გარეშეც ხვალ, რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ მისი რეიტინგიდან გამომდინარე, არ გაუჭირდება არჩევნებში გამარჯვება, დამაჯერებელი გამარჯვება“...

 

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულად ფიქრობს წინასაარჩევნო ბატალიებში მონაწილეობაზე და პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

 

თქვენი აზრით, რამდენად გაზრდის ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ შანსებს უმრავლესობაში დასარჩენად?

 

ივანიშვილის დღევანდელი რეიტინგი, იქნება თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი „ქართულ ოცნების“ დღევანდელი სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად?

 

-ივანიშვილის ფაქტორი, ცხადია, დადებითად იმოქმედებს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ არა ისე, როგორც ამას 2012 წლის არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი. 

 

ხალხმა უკვე კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი და საერთოდ „ქართული ოცნბა“. „ქართულმა ოცნებამ“  საზოგადოებაში რეიტინგი დაკარგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის მოწინააღმდეგეებთან შედარებით, მას აქვს გარკვეული პერსპექტივა იმისა, რომ მომავალ წელს ეს არჩევნები მოიგოს. მაგრამ, ის ვერ მოიგებს უმრავლესობით, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მასთან ერთად, ალბათ, მრავალი სხვა პარტიაც გავა პარლამენტში, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობაც“.

 

შესაბამისად, ამ შემთხვევაში ივანიშვილის ფაქტორი გადაჭარბებულად მიმაჩნია. მართალია, ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ წარმატებას, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი წარმატება, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2012 წელს. ამიტომ, სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად, ივანიშვილის რეიტინგი უმნიშვნელო წარმატების მომტანი იქნება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საზოგადოება არაა ბრიყვი. ივანიშვილმა, თუ მიიღო გადაწყვეტილება ჩაუდგეს სათავეში ოცნების სიას - ეს უბრალოდ, საზოგადოების მოტყუება იქნება.

 

წინა პარლამენტებში ასეთი მაგალითები გვქონდა, როდესაც 90-იან წლებში იყო პარტია „აღორძინება“, რომელსაც სათავეში ედგა ასლან აბაშიძე. ყოველი არჩევნების დროს აბაშიძე იყო სიით ნომერ პირველი. მაგრამ, შემდეგ როდესაც საარჩევნო კომისიის მიერ ხდებოდა პარლამენტში დამტკიცება, ის იხსნიდა ვალდებულებებს, უბრუნდებოდა თავის საქმეს, ხოლო მის ადგილს იკავებდა სხვა.

 

ასე, რომ ეს უკვე ნაცადი მეთოდია, რომელიც ვიღაცამ ჩასჩურჩულა ყურში  ივანიშვილს და ის იმეორებს იმას, რაც ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იყო!

 

შესაბამისად, თუ ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ის იქნება სიის პირველი ნომერი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კვირით და ისევ დაუბრუნდება ამჟამინდელ საქმიანობას.

 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მინდა ვთქვა, ივანიშვილის ჩართულობის გარეშე ამ პარტიას არ აქვს დიდი შანსები. 

 

გამოკითხვების შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის ერთნაირი შანსები აქვს. მათი რეიტინგი დაცემულია. მაგრამ აქ, ნაციონალების რეიტინგის დაცემა არცაა გასაკვირი. გასაკვირი ისაა, რომ მმართველ პარტიას აქვს ასეთი დაბალი დონის რეიტინგი. ასე, რომ ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოუცდელი პოლიტიკოსია და წარმოდგენაც არ აქვს რაა პოლიტიკა, მითუმეტეს ასაკის მიხედვითაც ის ჯერ-ჯერობით უმწიფარია. გარდა ამისა, არც პარტიული კუთვნილება აძლევს საშუალებას თქვას სინამდვილე, შესაბამისად ვერ გავიზიარებ მის განცხადებებს.

 

-ხომ არ უკავშირდება ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება  პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო იდილიას?

 

-ვერ გეტყვით საერთოდ ვის თამაშს თამაშობს პაატა ბურჭულაძე. ბევრი ამბობს, რომ ის ნაციონალებთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, მისი შეხვედრა ივანიშვილთან, მოწმობს იმას, რომ რაღაც გარკვეული პარტიული სიმპატიები მას აქვს ივანიშვილის მიმართ და ივანიშვილსაც აქვს ეს სიმპატიები ბურჭულაძის მიმართ.

 

სულაც არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ბურჭულაძე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ვერ დააგროვებს იმდენ ქულებს და ხმებს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს პოლიტიკის წარმოება. შესაბამისად, მას სჭირდება სატელიტური პარტიები. ასეთად კი შეიძლება მოვიაზროთ - პაატა ბურჭულაძე.

 

თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ბურჭულაძის სამომავლო პარტიას, ალბათ, ვერ ექნება ისეთი გასავალი და გასაქანი, როგორიც პაატა ბურჭულაძეს ჰგონია. 

მიმაჩნია, რომ ბურჭულაძე უშვებს დიდ შეცდომას, როდესაც უარს ამბობს დიდ სცენაზე და მიდის პოლიტიკაში, პოლიტიკა მისი საქმე არაა. მითუმეტეს, ამ ასაკში პოლიტიკას არ იწყებენ!

 

-თქვენი აზრით, რა შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?

 

დარჩება, თუ არა იგი ე.წ. ერთადერთ ოპოზიციად, თუ პაატა ბურჭულაძის შემოყვანა სწორედ ნაციონალების ქართული  პოლიტიკიდან გაძევების მიზნით კეთდება?

 

-თუ ვიკილიქსის მასალებს გავიზიარებთ, სრული შესაძლებელია ბურჭულაძემ სააკაშვილის თამაში ითამაშოს და ნაციონალების სატელიტი იყოს. ყოველშემთხვევაში, ეს არის „კავკასიური ცარცის წრის“ მსგავსი რამ...

 

საქმე იმაშია, რომ ნაციონალებს თავისი ელექტორატი ყავთ. ამ ვითარებაში,  ესაა დაახლოებით - 12-13%-ი. ნაციონალები შეძლებენ, რომ თავიანთ ელექტორატს გაუკეთონ მობილიზება და მიიღონ ის შედეგი, რაც მათ აკმაყოფილებთ. ეს კმაყოფილება კი გამოიხატება იმაში, რომ მოხვდნენ პარლამენტში.

 

           ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

5-12-2015, 16:40
უკან დაბრუნება