გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქს პატიმართა შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებას დადებითი რეზონანსი მოჰყვა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, საზოგადოებაში ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს. ისინი თვლიან, რომ ამით მავანს და მავანს პატრიარქის დისკრედიტაცია სურთ.
საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე სასულიერო პირები.
გვესაუბრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია).
ის, რომ უწმინდესი ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობას განიცდის, არახალია, ძველია!
ის, რომ უწმინდესი გამორჩეულად ზრუნავს პატიმრებზე, მისი არაერთი ქადაგებიდანაა ცნობილი - ყველა მისი ნაბიჯი და გადაწყვეტილება გონივრული და ქმედითია.
არც ის არის უცხო და გაუგებარი, ხელისუფლება ეკლესიასთან შეთანხმებით, რომ ცდილობს მსგავსი ღინისძიებების გატარებას...
არ მიყვარს წარსულზე აჟიტირებულად საუბარი, თუმცა მსგავსი მაგალითები ადრეც გვქონია.
ასე მაგალითად: დავით აღმაშენებლის პერიოდში, კვირის ყოველ ორშაბათს მეფის ინიციატივით იმართებოდა „სააჯო კარი“, სადაც განიხილებოდა მთელი რიგი საკითხები.
ეს ის პერიოდია, როდესაც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლების ეს ნაბიჯი, ღმერთმა ქნას, კეთილშობილური და ღვთისთვის სათნო იყოს. ამ გადაწყვეტილებით უწმინდესის ერთადერთი სურვილი მხოლოდ ადამიანების შეწყალებაა, მაგრამ რა სურვილი დგას თავად საერო ხელისუფლების უკან?! წინასაარჩევნოდ ისევ ხომ არ ცდილობენ ეკლესიის წინაშე ნდობის მოპოვებას?! (ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ გამოვრიცხავ ვცდებოდე).
თუ სხვა შემთხვევაშიც გაითვალისწინებენ უწმინდესის იდეებს, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება. ყველაზე მთავარი - არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, მსჯავრდებულის სახელზე გაწეული რეკომენდაციის ნამდვილი მიზანი ხშირად „კეთილშობილური“ ფულის შოვნა ყოფილა!!!
არ მინდა ჩემი უწმინდესის კეთილი ნებით რომელიმე მხარემ ბოროტად ისარგებლოს, რადგან ისინი კულისებიდან იმოქმედებენ, პილატე პონტოელივით ხელებს უწმინდესს შეახოცავენ და მთელი აგრესია მხოლოდ ერთ ადამიანზე წამოვა.
ყველაზე მეტად კი ისინი გააქილიკებენ, ვისაც ამის მორალური უფლება არ გააჩნია. დამნაშავეები კი ჩვენ ვიქნებით!