ივერიონი / დავით უსუფაშვილი: შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის!

დავით უსუფაშვილი: შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის!

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ: "არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს".

 

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მცირედ გაუგებრობას აქვს ადგილი.

 

"ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით - შეწყალება. არ მახსენდება, შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი. შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთის გადაცემაზე ან გაყოფაზე. არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერს უწმინდესმა თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

6-12-2015, 13:34
უკან დაბრუნება