ივერიონი / რა შედეგით დასრულდა საპილოტე პროექტი „დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვა“?

რა შედეგით დასრულდა საპილოტე პროექტი „დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვა“?

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე პროექტი „დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვა“  წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა. 

 

განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და 2015 წლის 15 მაისს დასრულდა. იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 410-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. 

 

იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. 

 

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების დიდი რაოდენობა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

 

მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.

 

იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა. თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშული თანხის გაზრდის საკითხიც განიხილება. 

 

7-12-2015, 14:56
უკან დაბრუნება