შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, სოციალური ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდის - ე.წ. ფიშერის დამზადების, აღნიშნული ფიშერისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სოციალური ქსელი „facebook“-ის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული ვასილ ქ. და 1983 წელს დაბადებული რაინდი კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალური ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ, ვასილ ქ. სოციალურ ქსელ „facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია „facebook.com“-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალური ქსელი „facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რაინდი კ-მ, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა, შეაღწია და დაშვების პაროლები შეუცვალა „facebook.com“-ის მომხმარებლებს. შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდა, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდა. რაინდი კ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, „facebook.com“-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ამჟამად მიმდინარეობს სოციალური ქსელი „facebook.com“-ის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება.
გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.