„თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის კონცეფცია დაეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა: ჯანმრთელი ქალაქი, მწვანე ქალაქი, საცხოვრებლად მოსახერხებელი ქალაქი, კომპაქტური, რესურს-დამზოგავი და „ჭკვიანი ქალაქი“ (Smart City), ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ქალაქი“- აღნიშნული განცხადება, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ წლის შედეგების შეჯამებისას გააკეთა.
მისივე თქმით, თბილისი ხდება მეტად ორიენტირებული ფეხით მოსიარულეებზე, დაგეგმილია ველობილიკების მოწყობა.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ განვლილ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
„სწორედ ამ მიზნით, პირველად ქალაქის ისტორიაში, შემუშავდა გარემოსდაცვითი სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერის განმარტებით, 2.5 მლნ მ2-მდე ტერიტორიას, დამატებით, მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი.
„გაფართოვდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თბილისის ზღვაზე დაიწყო დენდროლოგიური პარკის მოწყობა. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ვერეს ხეობას მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი. მზიურის ტერიტორიისა და მთლიანად ხეობის განვითარება მხოლოდ სარეკრეაციო ფუნქციით მოხდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე 500 ათასამდე ხე არის დარგული, რაც 9-ჯერ აღემატება წინა 5 წლის განმავლობაში დარგული ნერგების რაოდენობას.