ივერიონი / მამუკა არეშიძე: კოალიციაში „რესბუბლიკელების“ ყოფნა, გარკვეული ბეჭედია იმისა, რომ კოალიცია დასავლურ პოლიტიკურ კურსს არ უხვევს!

მამუკა არეშიძე: კოალიციაში „რესბუბლიკელების“ ყოფნა, გარკვეული ბეჭედია იმისა, რომ კოალიცია დასავლურ პოლიტიკურ კურსს არ უხვევს!

 

 

„ივერიონს“„რესპუბლიკელებისა“ და კოალიცია „ქართულ ოცნების“ განცხადებებზე, ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

 

-ბატონო მამუკა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსის“ შემოყვანას ცდილობს, რითაც ისინი აიძულებენ რესპუბლიკურ პარტიას დაატოვებინონ კოალიცია.

 

რესპუბლიკელთა აზრით, დღეს კოალიცია „რესპუბლიკურ პარტიაზე“ დგას. ამასთან,  მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.

 

თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა „რესპუბლიკელთა“ მხრიდან კოალიციის დატოვება და რა ფასად დაუჯდება ეს „ქართულ ოცნებას“?

 

-„რესპუბლიკელთა“ მხრიდან კოალიციის დატოვება იმ მიზეზის გამო, რომ ვიღაცას ასე უნდა, მგონია ეს გამორიცხულია. ვინაიდან, ეს ვიღაცა არაა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან. ამაში დარწმუნებული იყავით!

 

შეიძლება, რიგითი წევრებიდან ზოგიერთმა გამოთქვა ამის სურვილი. მაგრამ, ის მიზეზი, რომ თითქოს ამის გამო აპირებს „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციის დატოვებას უხეშ მიზეზად მიმაჩნია: მიზეზი, რომელიც ერთის მხრივ შეიძლება მუქარას შეიცავდეს, მეორეს მხრივ სხვა კონფიგურაციის ჩამოყალიბებაზე ფიქრს.

 

შესაძლოა, „რესპუბლიკელებს“ სხვა პარტიებიდან აქვთ შემოთავაზება, მაგრამ მასზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. 

 

რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს კოალიციას - კოალიციაში „რესბუბლიკელების“ ყოფნა, გარკვეული ბეჭედია იმისა, რომ კოალიცია დასავლურ პოლიტიკურ კურსს არ უხვევს. ყოველ შემთხვევაში, ასე დალაგდა სიტუაცია. შესაბამისად რესბუბლიკელების გასვლა ჩვენს პარტიებში გარკვეულ ეჭვს გააჩენს. სწორედ ამაშია, საქმე. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლამ და მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია ვრცელი კულუარული მოლაპარაკებები, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია, რომ ეს მოხდება. მგონია, რომ ეს უბრალოდ ერთგვარი ბრალდებებია ერთმანეთის მიმართ თავის დაზღვევის მიზნით და არა მგონია კოალიცია არჩევნებამდე დაიშალოს.

 

-კოალიციიდან გამოსვლის შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რა შანსები აქვთ რესპუბლიკელებს და სავარაუდოდ, ვისთან შეიძლება გაერთიანდნენ ისინი?

 

-ცალკე „რესპუბლიკელებს“ არჩევნებში არავითარი შანსი არ აქვთ, მაგრამ ასეთ ნაბიჯს ისინი არასოდეს არ გადადგამენ. ეს ძალიან პრაგმატული პარტიაა. თუ მათ სხვა, მომგებიანი წინადადება არ აქვთ, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკური ძალისგან, რომელთან გაერთიანების შემთხვევაში უკეთეს რეზულტატს მიაღწევენ. ისინი არავითარ შემთხვევაში არ გავლენ კოალიციიდან. საერთოდაც, დამოუკიდებლად „რესპუბლიკელებს“ არჩევნებში რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არასოდეს არ მიუღწევიათ.

ვერ გეტყვით, თუ ვისთან შეიძლება ისინი გაერთიანდნენ. ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს სერიოზული შანსები არჩევნებში წარმატების მიღწევის, ასეთ პოლიტიკურ ძალას ჯერ-ჯერობით „რესპუბლიკის“ დასავლურ ორიენტაციისა ვერ ვხედავ, ამიტომ ვერ გეტყვით ვისთან გაერთიანდებიან. ასეთი ძალა არ ჩანს!

   

           ესაუბრა მედეა შელია

 

8-12-2015, 13:39
უკან დაბრუნება