აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში 2015 წლის 18 ნოემბერს დაიწყო. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161,140-ე მუხლით. გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნადიმ პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.