„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრების სიებთან და პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, სპეკულაციები და შემოტევები წინასაარჩენოდ იქმნება.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვოლსკი საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
„რომელიმე ჩვენთაგანი რომ გამოვიდეს და თქვას, სწორედაც ელისაშვილმა ამდენი ხნის დუმილი დაარღვია, მას ვიღაცამ ფული შესთავაზა, ჩაუთვალა და სწორედ ამიტომაა მისი აღელვება გამოწვეულიო, ეს არ იქნება სწორი არც ელისაშვილის მიმართ და არც საზოგადოების მისამართით. საუბარია, რომ თურმე, სიები ფულის სანაცვლოდ იქნა ჩამოყალიბებული. მეორე ხმაცაა, რომ ამ ადამიანებს ციხეებში მხოლოდ კი არ აწამებდნენ, არამედ ღირსებას და სიცოცხლეს ართმევდნენ. მოდით, საკითხი ავწონთ და აქედან ვიმსჯელოთ. ამ ადამიანებს მიწასთან ასწორებდნენ. მგონია, რომ შემოტევები იქნება და ამ თემაზე სპეკულირება იქნება, როცა არჩევნები უფრო მოახლოვდება. პროკურატურას მოვუწოდებ პასუხის გარეშე არცერთი საკითხი არ დატოვოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.