ივერიონი / ზაქარია ქუცნაშვილი: თუ პოლიტიკოსებს აქვთ შუამდგომლობის უფლება, რატომ არ შეიძლება ეს უფლება ჰქონდეს პატრიარქს?!

ზაქარია ქუცნაშვილი: თუ პოლიტიკოსებს აქვთ შუამდგომლობის უფლება, რატომ არ შეიძლება ეს უფლება ჰქონდეს პატრიარქს?!

 

 „ივერიონს“ პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და ამ თემაზე საზოგადოებაში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო ზაქარია, ბოლო დღეების თემა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარშემო ტრიალებს, რომელმაც განაცხადა, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს...

 

ადამიანებმა სხვადასხვანაირად გაიგეს ეს ინიციატივა: ზოგი თვლის, რომ ამით პატრიარქს ქვეყანა თეოკრატიული სახელმწიფოსკენ მიყავს.

 

სამწუხაროდ, იჩქარა ხელისუფლებამ და პატრიარქის წინადადების განხილვის მზაობაც გამოხატა...

 

თქვენი აზრით, ერის სულიერი ლიდერის მხრიდან ჰუმანური აქტის გაცხადება ხომ არ გამოიყენეს ეკლესიისადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა თვით ეკლესიის და მისი ლიდერის დისკრედიტაციისთვის?

 

-თავად ეკლესიის მოძულე ძალები მაქსიმალურად ცდილობენ ხალხის თბილი და მადლიერი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და მისი წინამძღოლის მიმართ, შეცვალონ გაუცხოებული და ცივი დამოკიდებულებით. ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ, მაგრამ, ძალიან ცდილობენ!

 

მათ სურთ, რომ უწმინდესის  ეს მოსაზრება წარმოაჩინონ, ისე, თითქოს მისი უწმინდესობა  და საქართველოს ეკლესია მიისწრაფვის საერო ძალაუფლებისკენ.

 

ეკლესია არ მიისწრაფვის საერო ძალაუფლებისკენ! შეწყალების მოთხოვნის სურვილი სწორედაც, რომ რელიგიური მოძღვრებიდან გამომდინარეობს. ყველა რელიგია, რაც კი არსებობს მსოფლიოში, სწორედაც, რომ თავისუფლებას და შენდობას ქადაგებს! 

 

აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ეკლესია იყოს შეწყალების მოწინააღმდეგე, ან ამ პროცესების გართულების, ან არაადამიანური სახის მიმცემი?!

 

ასე, რომ ვიმეორებ - ეკლესიის მოძულეები ცდილობენ ამ თემით ჩრდილი მიაყენონ საქართველოს ეკლესიას და მის წინამძღვარს. მაგრამ , ჩემი აზრით, მათ ეს გაუჭირდებათ!

 

-თვლით, თუ არა, რომ პატრიარქი უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პატიმრების შეწყალებაში და კონკრეტულად რა ფორმითაა ეს შესაძლებელი?

 

-ამის თაობაზე, გამოვთქვი ჩემი მოსაზრება: თუ მოქალაქეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს აქვთ შუამდგომლობით მიმართვის უფლება პრეზიდენტთან. რატომ არ შეიძლება ეს უფლება მის უწმინდესობასაც ჰქონდეს, თუნდაც, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით პირდაპირ პრეზიდენტთან? - სწორედ ამაზე არ გაუკეთებია არავის განმარტება, თუ რატომ არ შეიძლება!

 

თორემ, თავისთავად, ის, რომ შეწყალების უფლება იყო და უნდა დარჩეს ფორმალურად პრეზიდენტის ხელში - ეს ცხადზე ცხადია! მაგრამ, ბევრს სიტყვა ფორმალური ესმის უარყოფითი გაგებით, ფორმალური ნიშნავს - კანონიერს! პრეზიდენტის ამ უფლებას  კონსტიტუციური შეთანხმებაც ითვალისწინებს და არავინ არ აპირებს ამ პრინციპის გადასინჯვას და დარღვევას!

 

        ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

9-12-2015, 16:34
უკან დაბრუნება