ივერიონი / გია ხუხაშვილი: „რესპუბლიკელებს“ ძალაუფლების დაკარგვის შიში, რადიკალური ნაბიჯების გადადგმის საშუალებას არ მისცემს!

გია ხუხაშვილი: „რესპუბლიკელებს“ ძალაუფლების დაკარგვის შიში, რადიკალური ნაბიჯების გადადგმის საშუალებას არ მისცემს!

„ივერიონს“ „რესპუბლიკელებისა“ და კოალიცია „ქართულ ოცნების“ განცხადებებზე, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

-ბატონო გია, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსის“ შემოყვანას ცდილობს, რითაც ისინი აიძულებენ რესპუბლიკურ პარტიას დაატოვებინონ კოალიცია.
 
რესპუბლიკელთა აზრით, დღეს კოალიცია „რესპუბლიკურ პარტიაზე“ დგას. ამასთან,  მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.
 
თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა „რესპუბლიკელთა“ მხრიდან კოალიციის დატოვება და რა ფასად დაუჯდება ეს „ქართულ ოცნებას“?

-ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა...


მე ვადასტურებ იმას, რომ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში მაინცდამაინც არ უყვართ! კოალიციის გუნდის ნაწილსა და „რესპუბლიკური პარტიის“ შორის ფუნდამენტალური და მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობის ფონზე, ეს ბუნებრივია პრობლემებს მუდმივად ქმნის და ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთსიძულვილშიც კი გადადის ხოლმე.


რაც შეეხება, „რესპუბლიკელების“ განსაკუთრებულ დამსახურებას- მათ აქვთ ისეთივე დამსახურება, როგორც ნებისმიერ, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიას და ახლა ძალიან ბევრსაც ნუ აიღებენ თავიანთ თავზე. ამ კონტექტში ამაზე ხასგასმა არაადეკავტურია!

არ მიმაჩნია, რომ კოალიცია დაიშლება, თუნდაც ასეთი ურთიერთსიძულვილისა და შეუთანხმებლობის ფონზე. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასში გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარ უსუსურობას გრძნობს. ისინი ძალიან შეეჩვევნენ ძალაუფლებას და ასევე ძალიან კარგადაც ესმით ის, რომ იმდენად უსუსურები არიან- მათი ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი შანსი, ბიძინა ივანიშვილის მხარზე აცოცებაა! ანუ, ის ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილისგან დისტანცირებას მოახდენს, ყველა ძალაუფლების დაკარგვისთვისაა განწირული. აქედან გამომდინარე, არც „რესპუბლიკელებს“ და არც სხვა სუბიექტებს, ეს უსუსურობა არ მისცემს საშუალებას, ამ მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები გადადგან!


-კოალიციიდან გამოსვლის შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რა შანსები აქვთ რესპუბლიკელებს და სავარაუდოდ, ვისთან შეიძლება გაერთიანდნენ ისინი?


-ბუნებრივია, რომ მათ დამოუკიდებლად არჩევნებში არანაირი შანსები არ აქვთ და ისევ კოალიციაზე უნდა იფიქრონ.


ამ შემთხვევაში კოალიცია შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ მსოფლმხედველობრივ პლატფორმაზე ანუ ე.წ პროდასავლური ტიპის რაღაც გაერთიანებაზე. თუმცა, ეს რამდენად შექმნის ჯამურ სინერგიას- ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ.


თეორიულად რომ ვთქვათ, ასეთი შანსები მათ ექნებათ იგივე „თავისუფალ დემოკრატებთან“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ნამსხვრევთან. ასეთი კოალიციები ერთმანეთს ისეთ განსაკუთრებულს ვერაფერს მატებენ, რომ რაიმე დივიდენდი იყოს.


გარდა ამისა, ამ პერიოდში მათ გაიფუჭეს პარტიათაშორისი ურთოერთობები ამ პარტიებთან და ამ ვითარებაში ეს ალიანსიც რთული წარმოსადგენია.


ამიტომ, ისინი მიუხედავად იმისა, რომ ასეთ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ, ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ და ბევრ რამეზეც დახუჭავენ თვალს, რათა შეინარჩუნონ ის სიკეთე, რაც ჭარბ ძალაუფლებას მოაქვს!

          ესაუბრა მედეა შელია

9-12-2015, 16:57
უკან დაბრუნება