"გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით", _ ლამის ემუდარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს თბილისის მერი გიგი უგულავა.
თბილისს ყოჩაღი და "ძლევამოსილი" მერი რომ ჰყავდა, საზოგადოებამ ეს აქამდეც იცოდა, მაგრამ მეგობრებისთვის თავგანწირვაც თუ შეეძლო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. არადა, ასეთი თხოვნა "თბილისის წყლის" ყოფილი გენერალური დირექტორის და სამშენებლო კომპანია "ენ ეს ეს"-ის ხელმძღვანელის გეგი ქელბაქიანის დაკავებას მოჰყვა.
ყოჩაღ, ბატონო გიგი, ჩვენსავით რომ ფიქრობთ. გეთანხმებით, "არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და არც ერთი კანონდამრღვევი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი". თუ ახალი ხელისუფლება ამ პრინციპით არ იხელმძღვანელებს, ამას არც ხალხი მოუწონებს და თვითონაც გაუჭირდება საზოგადოებაში ნდობის მოპოვება. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას და "შეთითხნილ ბრალდებებს", თუ ასეთი რამ ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკაში დაამკვიდრა, როგორც იტყვიან, საზოგადოება უკვე "ჭურში არ ზის" და ამას არც "მეოცნებეებს" აპატიებს. ისე, ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმებით ბატონ უგულავას. დაკავებამდე სათანადო მტკიცებულებები უნდა არსებობდეს და პროკურატურა სამხილებს დაპატიმრების შემდეგ არ უნდა ეძებდეს! არა გვგონია, ჯერჯერობით, ასეთ ფაქტებთან გვქონდეს საქმე.
არ ვიცით, რატომ უკვირთ წინა ხელისუფლების მესვეურებს, რომ ახალი მთავრობა ცდილობს, თავისი გავლენა გაავრცელოს თვითმმართველობებზე, მათ შორის, დედაქალაქის თვითმმართველობაზეც, ურომლისოდაც სახელმწიფოს ეფექტური მართვა და ახალ პოლიტიკურ ძალაზე პასუხისმგებლობის დაკისრება უსაფუძვლო იქნება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ ტარდებოდა თვითმმართველობისა თუ საპარლამენტო არჩვენები "ნაციონალების" ზეობის პერიოდში და როგორ ვღებულობდით ყველა დონეზე "ნაციონალურ" უმრავლესობას.
რაც შეეხება ივანიშვილისადმი უგულავას რჩევა-მუდარას, "გირჩევთ, დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით", გვინდა მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, რადგან ასე გულწრფელად ითხოვს ღრმად პატივცემული დედაქალაქის მერი "დამაკავეთ, დამაკავეთო", შეუსრულეთ ეს თხოვნა, ოღონდ "შეთითხნილი ბრალდებით" არ იკადროთ _ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი სამხილი გექნებათ.