ივერიონი / ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი შსს-მ დააკავა

ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი შსს-მ დააკავა

თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში, თბილისის ინტერპოლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ალი რიზა ისლამი, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით ლატვიიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, დააკავეს.


აღნიშნული პიროვნება, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მას თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 58-ე კოდექსის 220/1, 220/2, 188/3-4-5 და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, წევრობას და ჰეროინის გადაზიდვას გულისხმობს.


თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირება. 2013 წლის 20 თებერვალს ქალაქ სტამბულში ჩატარდა ოპერაცია, რა დროსაც ავტომანქანიდან 101 კილოგრამი და 700 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ალი რიზა ისლამი იყო.


ამჟამად ალი რიზა ისლამი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის დროებითი მოთავსების N1 იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.

10-12-2015, 10:27
უკან დაბრუნება