„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრ, დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან კითხვები აქვს. ის ინტერესდება, თუ რატომ არ მიმართა ალეკო ელისაშვილმა მთავარ პროკურატურას წერილობით, თუკი „ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსნის მხრიდან, კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით, მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამის შესახებ, ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„გავიგე, რომ რაღაც ბე-ზეა საუბარი, თითქოს 200 000 დოლარი იქნა აღებული გარკვეული მოქმედების საფასურად. მოქმედება ამ შემთხვევაში გულისხმობს შესაწყალებელ პირთა გარკვეული წრის გამოკვეთას, გარკვეული პრივილეგიის მინიჭებას და მათ გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. როდესაც კონკრეტული ციფრი სახელდება, როცა კონკრეტულ პირთა წრე ცნობილია, როდესაც ცნობილია იმ პოტენციურ დამნაშავეთა ვინაობა, რომლებიც აშკარად მართლსაწინააღმდეგო გარიგებაში შედიან კომისიის თავმჯდომარესთან, რა დარჩენოდა ბატონ ალეკო ელისაშვილს, როდესაც ის იყო კომისიის თავმჯდომარე, თუ არა ის, რომ მას წერილობით მიემართა საქართველოს პრეზიდენტისთვის და მთავარი პროკურორისთვის?! მას უნდა შეეტანა განცხადება და დაედო ეს წერილი მთავარი პროკურატურის კანცელარიის საქმის წარმოებაში შესაბამისი ნომრითა და გრიფით და მოეთხოვა რეაგირება ოფიციალური გზით.
ჩვენ დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილისგან ყველაფერს ვისმენთ, გარდა იმისა, არის თუ არა ეს წერილი ან წერილობითი მიმართვა გაკეთებული მთავარი პროკურორის მიმართ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბატონ ალეკო ელისაშვილს წერილობით არ მიუმართავს მთავარი პროკურორისთვის და იყო მხოლოდ ზეპირი საუბარი. ამ ზეპირი საუბრის ფაქტის დამოწმებას ელისაშვილი ახდენს ვიდეოკამერებისა და საშვთა ბიუროში მისი გატარების პირობით. ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი, რომ ვიფიქროთ და ვამტკიცოთ, თუ რამდენად შეესაბამება მისი განცხადებები სიმართლეს. მე რომ ვყოფილიყავი ბატონი ალეკო ელისაშვილის ადგილას, სხვანაირად მოვიქცეოდი და წერილობით მივმართავდი. ვფიქრობ, ბატონი ალეკო მზად უნდა იყოს, რომ გასცეს ამ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ მიმართა წერილობით მთავარ პროკურატურას თავის დროზე", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.