ივერიონი / ვიზალიბერალიზაცია იქნება პოზიტიური გზავნილი, რომელიც ქართველ ერს ევროკავშირისადმი ხელოვნურად შერყეულ რწმენას განუმტკიცებს!

ვიზალიბერალიზაცია იქნება პოზიტიური გზავნილი, რომელიც ქართველ ერს ევროკავშირისადმი ხელოვნურად შერყეულ რწმენას განუმტკიცებს!

სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით „სახალხო პარტია“ ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს წერილით მიმართავს. 

 

საქართველოს „სახალხო პარტია“ გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისადმი და აქვს პატივი მიმართოს შემდეგი განცხადებით. 

 

„სახალხო პარტია“, დღიდან მისი დაარსებისა, იყო და არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოლიტიკური ორიენტაციის მატარებელი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია ქრისტიანულ - დემოკრატიულ, ლიბერალურ ფასეულობებზე. 

 

„სახალხო პარტია“ მიიჩნევს, რომ ევროპის პოლიტიკური ოჯახის წევრობა არის შანსი, რათა საქართველო დაუბრუნდეს მისი ბუნებრივი განვითარების გზას და ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ცივილიზებულ თანამეგობრობაში, შეიტანოს თავისი ბუნებრივი და გეოპოლიტიკური წვლილი ევროპის უსაფრთხოებასა და განვითარებაში. 

 

ჩვენ დიდად ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში. ჩვენ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირს შეუძლია თავისი ძალისხმევით ხელი შეუწყოს საქართველოში ღია, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას - ორიენტირებულს დემოკრატიული დასავლეთის პოლიტიკურ და სამოქალაქო ღირებულებათა სისტემაში ინტეგრირებაზე. 

 

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის პოლიტიკის გამჭოლი მიზანი იყო და არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა „დასავლური ღირებულებების“ ყალბად წარმოჩენის გზით, რასაც არაპირდაპირ შედეგად, ავტორთა გეგმით, უნდა მოჰყოლოდა (ნაწილობრივ მოჰყვა კიდეც) დასავლური ღირებულებებისა (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართულ ღირებულებებთან თანხვედრაშია) და ევროპული სტრუქტურების ავტორიტეტის ნაწილობრივი დისკრედიტაცია ქართულ საზოგადოებაში. 

 

ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის ამ პოლიტიკას აქტიურად უწყობდა და უწყობს ხელს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მთელი რიგი პირები და ჯგუფები, სხვადასხვა გაუაზრებელი ისეთი ნაბიჯებით, როგორიცაა ზოგადად ევროინტეგრაციის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით მათი დროში აცდენილი განცხადებები, არარეალური მოთხოვნები, ხელოვნურად, წინასწარგანზრახვით შექმნილი გადაჭარბებული ცრუ მოლოდინის რეჟიმი და არასწორი, გაუთვლელი ქმედებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური ქულების მიღებაზეა ორიენტირებული, ნაკლები საერთო აქვს რეალურ რეფორმებთან და ვალდებულებათა შესრულებასთან და შედეგად იწვევს ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროცესის დისკრედიტაციასა და საზოგადოების იმედგაცრუებას. 

 

ამ სიტუაციას კი მშვენივრად იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები და საქართველოში მათი გავლენის ქვეშ მყოფი მთელი რიგი პოლიტიკური საზოგადოებრივი სუბიექტები თუ მედია საშუალებები. 

 

ხდება მუდმივი აპელირება დასავლეთის ფუჭ და არარეალისტურ დაპირებებზე, ნატოს და ევროსტრუქტურების უუნარობაზე დაიცვას საქართველოს ინტერესები და ა.შ. ხდება ცივილიზებული სამყაროს ფასეულობების მიზანმიმართული აღრევა და მათი წარმოჩინება ეროვნული და რელიგიური ფასეულობების საწინააღმდეგო ფასეულობებად. 

 

ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი, ამ შემთხვევაშიც შეგნებულად არის პროვოცირებული საკითხის გადაწყვეტის გარდაუვალობა და თუ რეალური ობიექტური მიზეზების გამო არ მოხდება აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა, ეს კიდევ ერთხელ გახდება საბაბი ანტიევროპული განწყობების წახალისებისა მოსახლეობის ფართო ფენებში. 

 

მოგმართავთ თხოვნით, არ დაიშუროთ ძალისხმევა და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები იმის გათვალისწინებით, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დადებითი გადაწყვეტა საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ის უმნიშვნელოვანესი პოზიტიური გზავნილი, რომელიც განუმტკიცებს მას ხელოვნურად შერყეულ რწმენას - გააგრძელოს სვლა ქვეყნის განვითარების გზაზე. 

 

„სახალხო პარტია“ გამოთქვამს მზადყოფნას კვლავაც აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა საზოგადოებაში მტკიცე ევროატლანტიკური განწყობების გასაუმჯობესებლად და იყოს მონაწილე აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ყველა მიმდინარე, თუ დაგეგმილი ღონისძიებისა. 

 

„სახალხო პარტიის“ სახელით მამუკა გიორგაძე 

10.12.2015წ.

 

11-12-2015, 11:41
უკან დაბრუნება