ივერიონი / როგორ შეაფასა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი?

როგორ შეაფასა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი?

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვიქტორია ნულანდთან, კონგრესში - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან გამართა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგი საქართველოს მხარდამჭერი განცხადების სახით უკვე გვაქვს.

 

„საკმაოდ საინტერესო ვიზიტი გამოვიდა. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა კონგრესში ორივე მხარეს - წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს შევხვედროდით. რამდენიმე ათეულ კონგრესმენს, სენატორს ვესაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენ წინაშე არსებობს, საქართველოს როლზე, აუცილებლობაზე, საჭიროებაზე მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ველოდებით, რომ შემდეგი წელი დატვირთული იქნება კონგრესიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, რეზოლუციით... დღეს უკვე იყო პირველი შედეგი, როდესაც საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელმა წარმომადგენელთა პალატაში გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერის შესახებ. მასში აბსოლუტურად ადეკვატურად არის შეფასებული როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთის როლი მთელ ამ პროცესში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონგრესის მხრიდან მსგავსი პოლიტიკური მხარდაჭერის მთელი სერიალი გვექნება და ეს შეხვედრები ამ ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს, ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტსა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს შეხვდა. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა „ჰერიტიჯის ფონდისა“ და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS).

 

11-12-2015, 12:28
უკან დაბრუნება