ივერიონი / დავით ნარმანია: ჩვენი პრიორიტეტი, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე თბილისის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა!

დავით ნარმანია: ჩვენი პრიორიტეტი, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე თბილისის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა!

თბილისის მერი, დავით ნარმანია უცხოური და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების ბიზნეს ფორუმს დაესწრო. 

 

ორუმი „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“  გაიმართა.  

 

ბიზნეს ფორუმში უკრაინიდან და ბელორუსიიდან მოწვეული ტურისტული სააგენტოებისა და მედია საშუალებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ფორუმის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა.

 

„დედაქალაქის მთავრობის, ისევე როგორც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ტურისტული ნაკადების შემოდინების ზრდაა. ჩვენი ამოცანებია, გაიზარდოს ცნობადობა ქვეყნისა და მისი დედაქალაქის შესახებ საერთაშორისო ბაზარზე, უზრუნველვყოთ ქვეყანაში როგორც შემოყვანის, ისე შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ბიზნესისადმი ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ამასთან, გაიზარდოს თბილისის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ფორუმის ფარგლებში “ბელორუსიის ტურისტული ორგანიზაციების რესპუბლიკურ კავშირსა“ და „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

სამუშაო შეხვედრა თბილისის სარეკლამო-გაცნობითი ტურის ნაწილია, რომელსაც მუნიციპალური პროგრამის „შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება“ ფარგლებში „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ახორციელებს.  ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან სამუშაო შეხვედრის გარდა, ტური ასევე მოიცავს სტუმრებისთვის თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას,  ქართული სამზარეულოსა და კულტურის გაცნობას. ტური 11 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება და სრულად დაეთმობა ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.

 

მუნიციპალური პროგრამა სახელწოდებით „შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანია თბილისში მოქმედი  ტურისტული კომპანიების გაძლიერება, თბილისის, როგორც  ტურიზმისათვის მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია უცხოიეთის ბაზრებზე, ასევე, თბილისში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერა.

12-12-2015, 12:42
უკან დაბრუნება