მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი", რომელშიც საგადასახადო და სოციალური შეღავათებია განსაზღვრული, ძალაში 2016 წლის 1იანვარს შევა.
„დღეს მთის განვითარების საბჭო განიხილავს კონკრეტულად იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა დასახელდეს, თუ რომელი დასახლებული პუნქტები შევა მაღალმთიან რეგიონებში. ასევე მთის საბჭო განიხილავს იმ სფეროებს, სადაც უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის განცხადებით, მთავრობას საკმაოდ კარგი ვარიანტი აქვს შემუშავებული. მისივე თქმით, აღნიშნული კანონი დაახლოებით 1300-მდე ქალაქზე, დაბასა და სოფელზე გავრცელდება.
მისი თქმით, კანონით დადგენილია სოციალური შეღავათები, ასევე ექიმებისა და პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსიები 216 ლარამდე გაეზრდებათ. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებისთვის შემოღებული იქნება ასევე ელექტროენერგიის შეღავათი და გათბობის სპეციალური პროგრამა.
„ოპოზიცია დაგვჩხაოდა და ითხოვდა, რომ 50 ლარით გაგვეზარდა პენსია, თუმცა მომავალ წელს, მაღალმთიან რეგიონებში, ჯამურად ის 56 ლარით გაიზრდება და 216 ლარს შეადგენს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.