ივერიონი / ჰამლეტ ჭიპაშვილი: თუ დიდ ქვეყნებს შორის ომი დაიწყება, ეს იქნება ბოლო, ანუ უკანასკნელი ომი დედამიწაზე!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: თუ დიდ ქვეყნებს შორის ომი დაიწყება, ეს იქნება ბოლო, ანუ უკანასკნელი ომი დედამიწაზე!

 

„ივერიონს“ აქტუალურ საგარეო საკითხებზე, პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო ჰამლეტ, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული საბრძოლო ხომალდიდან ცეცხლი გაუხსნეს თურქულ სეინერებს...

 

როგორც ჩანს, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება. 

 

შეიძლება, თუ არა პროცესები მივიდეს სერიოზულ დაპირისპირებამდე და კონკრეტულად ვის ინტერესებში შედის ეს?

 

-არამგონია ეს პატარა ინციდენტი გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში. ვინაიდან, როგორც  თურქულმა მხარემ განაცხადა: ესაა პატარა თევზმჭერი გემი, რომელმაც ვერ გაიგო რუსული მხრიდან გაფრთხილება, არა თუ გაფრთხილება, არამედ, სროლის ხმაც არ გაუგიათ.

 

რამდენადაც ვიცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს თევზმჭერი პატარა გემი მიუახლოვდა რუსულ საბრძოლო ხომალდს დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მანძილზე. ცხადია, ეს ნებისმიერი გემისთვის დიდ საფრთხეს იწვევს. ვინაიდან, მანევრირება ზღვაზე საკმაოდ ძნელია! 

 

თუმცა, ეს იყო პატარა თევზმჭერი და რუსეთის მხარემ, როდესაც მიიღო გამაფრთხილებელი ზომები, გემი მაინც განაგრძობდა რუსული სამხედრო გემისკენ ცურვას, რის შემდეგაც მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა. რუსების თქმით, სწორედ, ამის შემდეგ შეაჩერა თურქულმა გემმა მოძრაობა და უკან შებრუნდა.

 

ამ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვში თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაში გამოიძახა. რომელსაც მისცა გაფრთხილება, რომ თუ ანალოგიურს კვლავ ექნება მომავალში ადგილი, მაშინ, რუსეთის სამხედრო გემები მიიღებენ მკაცრ ზომებს!

 

თურქულმა მხარემ, კერძოდ, თევზმჭერის მფლობელმა განაცხადა, რომ არავითარი რეაქციული ნიშნები არ ჰქონდათ, უბრალოდ მოხდა ისე, რომ დაუახლოვდნენ რუსულ სამხედრო გემს. რაც შეეხება სროლას, მათი თქმით არც გაუგიათ და არც დაუნახავთ რუსული გამაფრთხილებელი გასროლები!

 

ასე, რომ ამ ინციდენტს არ შეიძლება მოჰყვეს რაღაც ისეთი სერიოზული დაპირისპირება, ორ მხარეს შორის, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო შეტაკებაში.

 

-რამდენად უწყობს ხელს რუსეთის გააქტიურება, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიმართებაში, XXI - საუკუნის „შავი ჭირის“, ამ ტერორისტული წარმონაქმნის გაუუვნებელყოფას და თქვენი აზრით, ჰყავს, თუ არა რუსეთს ამ თვალსაზრისით რეალური მხარდამჭერები?

 

-საქმე იმაშია, რომ „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც თავის დროზე შეიქმნა აშშ-ს გარკვეული წრეების და სპეცსამსახურების მიერ, უდაოდ ემუქრება მთელ მსოფლიოს ამ ისლამური იდეების, თანაც რადიკალური ისლამის, გავრცელებით!

 

„ისლამური სახელმწიფო“, არ მოქმედებს მარტო თვითონ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“. ამ ე.წ. სახელმწიფოს დაკავებული აქვს სირიისა და ერაყის ტერიტორიები. „ისლამურ სახელმწიფოში“ იბრძვის 100-ზე მეტი ქვეყნის რადიკალური ისლამის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. იქ არიან: ჩინელებიც, რუსებიც, ფრანგებიც - ევროპის ქვეყნებიდან ევროპის მოქალაქეები და ა.შ.

 

ასე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიზანი არაა მხოლოდ გამაგრება და ფეხის მოკიდება სირიასა და ერაყის დაპყრობილ ტერიტორიებზე, არამედ, მათი მიზანია რადიკალური ისლამის გავრცელება მთელ მსოფლიოში! არა მარტო იდეოლოგიური თვალსაზრისით, არამედ, ტერორიზმის გზით... 

 

„ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს თავისი პოზიციების გამაგრებას, დაწყებული ატლანტიკის ოკეანიდან ჩინეთის კედლამდე და ჩინეთის ჩათვლითაც კი. შესაბამისად, ეს საკმაოდ ძლიერი საფრთხეა!

 

„ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტები იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნებში. აწყობენ ტერორისტულ გამოხტომებს - რითაც პოზიციების გამაგრებას ახდენენ. 

 

სხვათაშორის, „ისლამური სახელმწიფოს“ არეალში მოქცეულია საქართველოც. ცნობილია, რომ საქართველოდან, განსაკუთრებით პანკისის ხეობიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან ბევრი მებრძოლია „ისლამური სახელმჭიფოს შავი დროშის“ ქვეშ! შესაბამისად, ეს ჩვენთვისაც ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ჩვენი მეზობელი რუსეთისთვისთვის და ა.შ.

 

რუსეთს ჰყავს მხარდამჭერები ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგეხსენებათ, აშშ-ს შექმნილი აქვს კოალიცია, რომელშიც 64 ქვეყანაა გაერთიანებული(რუსეთის გარეშე).

სამწუხაროდ, აშშ არ იბრძვის ისე, როგორც საჭიროა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ!

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ კეთილდღეობას და მის ბრძოლას ხელს უწყობს ისეთი ქვეყანა, როგორიცაა - თურქეთი. რომელიც ვაჭრობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით, აგრეთვე არტეფაქტებით. მაგალითად, სირიის ტერიტორიაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაანგრია უნიკალური ისტორიული ძეგლები, რომლებსაც ნაწილ-ნაწილ ყიდის უცხოეთში. ძირითადი მყიდველი თურქეთია, რომელიც შემდეგ ახდენს მათ სხვა სახელმწიფოებში გაყიდვას! მყიდველები კი მსოფლიოში არ დაილევა მილიონერებისა და მილიარდერების სახით, რომლებთაც სურთ ასეთი უნიკალური ძეგლების ნარჩენები შეისყიდონ.

 

მსურველი, იბრძოლონ „ისლამური სხაელმწიფოს“ წინააღმდეგ ბევრია, თუმცა რეალურად ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის თვითონ სირიის დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ბაშარ ასადი მართავს, ასევე უპირველეს ყოვლისა რუსეთი, ირანი და იორდანიაში არსებული ორგანიზაცია - „ჰესბოლა“. დანარჩენები კი ვითომ იბრძვიან, მაგალითად, საფრანგეთი, ასევე ისრაელიც, აშშ-ც იბრძვის „ისლამური სხაელმწიფოს“ ტერიტორიაზე, მაგრამ ყველაზე უფრო ეფექტურიანი ბრძოლა მაინც რუსეთის, ერაყის გარკვეული სამხედრო ნაწილების, ირანის და სირიის სამხედრო მოსამსახურეებზე მოდის!

 

-თქვენი აზრით, დღევანდელი მოვლენების ანალიზით, გარდაუვალია თუ არა მესამე მსოფლიო ომი და ვინ იქნება მთავარი მაპროვოცირებელი?

 

-დარწმუნებული ვარ, რომ მესამე მსოფლიო ომის გამომწვევი არ შეიძლება იყოს არც აშშ და არც რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ  ეს ორი დიდი სახელმწიფო, რომელთაც უმაღლეს დონეზე გააჩნიათ ბირთვული პოტენციალი, შეძლებენ საღი დასკვნების გაკეთებას და არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუმცა, ცხადია, ძნელია ასე პირდაპირ დასკვნების გამოტანა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის გადაწყვეტილებებზე და ხასიათზე...

 

დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებს შესწევთ იმის უნარი, რომ არ მიიყვანონ მსოფლიო ბოლო ომამდე. ეს არ იქნება მესამე მსოფლიო ომი! თუ დიდ ქვეყნებს შორის დაიწყება ომი, ეს იქნება ბოლო, ანუ უკანასკნელი ომი დედამიწაზე. სავსებით შესაძლებელია საერთოდ განადგურდეს კაცობრიობა, ვინაიდან, როგორც ამერიკას, ასევე რუსეთს გააჩნია იმ დონის ბირთვული იარაღი, რომლითაც გაანადგურებს მსოფლიოს არა ერთხელ, არამედ, სამჯერ, ოთხჯერ და ა.შ.

 

საფრთხე უფრო მეტად მოდის „ისლამური სახელმწიფოს“, ამ ტერორისტების მხრიდან და იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ქიმიური და ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას. თუ მათ შეძლეს ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდება, მაშინ ღმერთმა იცის რა დატრიალდება მსოფლიოში!

 

            ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

14-12-2015, 15:01
უკან დაბრუნება