საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა. ამ სტატუსის მქონე ქვეყანა კი იმ ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებსც თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამოხატვისთვის არც პირდაპირ და არც ირიბად არ უნდა სჯიდნენ. ჩვენ, ქართველებს, ყოველთვის მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ არჩეულ სფეროში უნაკლოდ ვმუშაობთ და თუ ვინმე ხარვეზზე მიგვითითებს, მას ვემტერებით და გვძულს.
სწორედ ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე. ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩუმდებოდა, რადგან მოსწავლეებსა და მათ მომავალზე, განათლებულ ქვეყანაზე ფიქრობდა და ფიქრობს, გახდა მსხვერპლი იმისა, რომ საქართველოში დემოკრატია მოჩვენებითია და არ არსებობს!
მაშინ, როდესაც მასწავლებლებს პროფესიონალიზმითა და ადამიანური ღირებულებების მიხედვით უნდა არჩევდნენ, მაშინ, როდესაც მომავალი თაობის ბედ-იღბალი სასწორზე დევს, აი, ასეთ მდგომარეობაში სკოლაში ტოვებენ მშიშარა, მედროვე პედაგოგებს და სამსახურიდან ათავისუფლებენ ორი მცირეწლოვანი შვილის მამას, პროფესიონალ პედაგოგოგს, სიმართლისთვის მებრძოლ დავით ფერაძეს! მიზეზი, რა თქმა უნდა, სიმართლისთვის ბრძოლაა!
როგორც მოსწავლე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ მართალია, მასწავლებელთა დიდ ნაწილში სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ ბავშვები - მოსწავლეები გვერდში დაუდგნენ ფერაძეს და, ამით, რა თქმა უნდა, სიმართლეს! დიახ, სწორედ ის ბავშვები, რომლებიც ხვალ და ზეგ თვითონ გახდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: იურისტები, ჟურნალისტები, ექიმები, მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ ე ბ ი და სხვ. დიახ, ‘’მომავლის მასწავლებლები’’, რომელთაც ეცოდინებათ დემოკრატიის ცნება და ექნებათ შნო, დაიცვან კოლეგები!
მაშინ, როცა მასწავლებელს, ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები ექმნება და არა იმიტომ,რომ მიზერული ხელფასის დაკარგვა ანაღვლებს, არამედ იმის განცდით, რომ ისჯება სიმართლისთვის, აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი მდგომარეობა!
სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ასეთი ღელვის ფონზე დირექტორს ისიც არ ახსოვს, თუ რა დაწერა პედაგოგის განთავისუფლების ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც შეუჩერა ფერაძეს მასწავლებლის სტატუსი და მედიას არასწორ ინფორმაციას აწვდის!..
როგორც პედაგოგებმა იციან, დავით ფერაძე პედაგოგთა საკოორდინატო ცენტრის ხელმძღვანელია და ის მასწავლებლების უფლებებს იცავს - მათი ანაზღაურების ზრდისთვის იბრძვის. ასეთ დროს, კი ქვეყნის პედაგოგებს ფერაძის ორგანიზაციისთვის მიზერული ერთი ლარის ჩარიცხვისაც კი ეშინიათ. თანხის გადარიცხვა ხომ მაინც ანონიმურია. მასწავლებლებს, ნუთუ ასე მალე დაავიწყდათ, რომ ფერაძე თავდაუზოგავად, უსასყიდლოდ იბრძოდა, პედაგოგების ხელფასის მომატებისთვის?!
ახლა მშობლებს მინდა მივმართო: მშობლებო! თქვენ უნდა მიგაჩნდეთ,რომ თქვენი შვილების განათლებისა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში სკოლამ უნდა იყოჩაღოს. თუ მოსწავლეებს უსამართლობას შეაგუებენ და ასწავლიან, ჩაუნერგავენ იმას, რისიც არ სწამთ, როგორ შეიძლება, ბავშვი განვითარდეს და ჩამოყალიბდეს სწორ, მართალ პიროვნებად?!
იმედი მაქვს, ასეთი სიტუაციის მიუხედავად, არასოდეს ჩავქრებით ჩვენ, ,,ციცინათელები’’,და მოსწავლეები დავით ფერაძესთან ერთად ერთმანეთს სწორი კარიბჭისკენ მიმავალ გზას გავუნათებთ!
დავით ფერაძე ის ზნეობრივი ორიენტირია, რომელიც ყველა მოსწავლეს უკაფავს გზას ცოდნის, ადამიანობისა და წარმატების მწვერვალისკენ. მჯერა, რომ მის მიერ დათესილი მარცვალი აუცილებლად გაღვივდება ბავშვების გულსა და გონებაში და სწორედ ჩვენ ვიქნებით მომავალი თაობა, მომავალი მებრძოლი, განათლებული ,,ფერაძეები’’ !
ხატია არსენაშვილი,
აბიტურიენტი.