ივერიონი / ჯონდი ბაღათურია: არაგონივრულმა პოლიტიკამ და ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლების აშკარა ღალატმა, რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში შეიყვანა!

ჯონდი ბაღათურია: არაგონივრულმა პოლიტიკამ და ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლების აშკარა ღალატმა, რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში შეიყვანა!

„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა.

 

-ბატონო ჯონდი,  „პრაიმტაიმში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეთ, რომ იანვრის ბოლოს საქართველოში სამოკავშირეო ოფისი ამოქმედდება.

იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას ითვალისწინებს ეს ინიციატივა?

 

-დღეს ჩვენი ამოცანაა, საქართველოში ყველა იმ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური და ცალკეული ინდივიდის კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენას- ქვეყანას განვითარების სხვა გზა არ აქვს. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და გვაქვს დანგრეული ეკონომიკა.ამ ამოცანის მიღწევის მიზნით, ჩვენ მიგვაჩნია,რომ საჭიროა ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური შემადგენლობის სრული კონსოლიდაცია. ამ ინიციატივის მთავარი მიზანი სწორედ ესაა.

 

მე უკვე დიდი ხანია რუსეთში ვლობირებ საქართველოს და საქართველოში რუსეთს, ანუ ვცდილობ ამ ურთიერთობების დათბობას... ეს ოფისი იქნება მთავარი ოფისი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. თუმცა, მთავარი შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არის ის, რომ სექტემბრის შემდეგ მე ვლობირებ რუსეთში რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენის კონცეფციაზე იმუშავებს. 

 

რამდენიმე დღის წინ, ჩემი მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში, ჩვენ უკვე შევთანხმდით ამ ჯგუფის ფორმირებაზე და ახალ წლამდე მისი შემადგენლობა, როგორც ქართული, ისე რუსული მხრიდან, ცნობილი იქნება. თემატიკასა და დღის წესრიგზე შევთანხმდებით და 20 იანვრისთვის პირველ სამუშაო შეხვედრას გავმართავთ. 

 

 

-თქვენ  ბრიფინგზე ასევე განაცხადეთ, რომ რუსეთი კეთილად განწყობილია საქართველოს მიმართ და პუტინი მზად არის ხელი შეუწყოს აფხაზების, ოსებისა და ქართველების შერიგებას.

 

რა უშლის ხელს საქართველოსთვის ამ სისხლხორცეული ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას?

 

ბრიფინგზე, თქვენ ხაზგასმით  აღნიშნეთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ერიდება რუსეთთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლას, რადგან  მათ ეშინიათ, რომ გაგვინაწყენდებიან ამერიკელები.ასევე აღნიშნეთ, რომ თითქოს ამ პროცესს ხელს უშლიან „რესპუბლიკელები“... საკმაოდ მწვავე განცხადებაა...

 

თქვენი კომენტარი...

 

-მე დავაზუსტებ, რომ რუსები ნამდვილად კეთილგანწყობილები არიან ქართველების მიმართ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვხედავდეთ, როგორც ერთმორწმუნე, ბუნებით მოკავშირე ერებს.

 

თუმცა, არაგონივრულმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ზოგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების აშკარა ღალატმა, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა! 

რაც შეეხება, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. მან  არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ის მზადაა ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგს, მათ შორის შერიგებას და ურთიერთობების დარეგულირებას. ეს საკმარისად მეტი სიგნალი იყო იმის გასაგებად, რომ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს ან ყველას ერთად,  სახელმწიფოებრივ დონეზე დაეწყოთ დიალოგი რუსეთთან. 

 

თუმცა, მათ ეს ვერ გაბედეს, რადგან ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას აქცევს დასავლეთიდან მოსულ რეკომენდაციებს და მესიჯებს, ვიდრე საკუთარი ხალხის ხმას, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს რუსეთთან არა მხოლოდ, ურთიერთობის ნორმალიზებას, არამედ, სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენას.

 

სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ხალხის ხმას არ უსმენს, არც დანაპირები შეასრულეს იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ. 

 

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირდაპირი დიალოგი გავმართოთ ჩვენს რუს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან, პოლიტოლოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

 

ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება მარიონეტულია და ქვეყნის გარედან იმართება. ამ მარიონეტიზმის სიმბოლოები "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკელები" და სხვა პოლიტიკური პარტიები არიან! 

 

 

-ახლოვდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები. მოსალოდნელია თუ არა არსებითი ცვლილებები ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე,  გამოჩნდებიან თუ არა ახალი ძალები საქართველოს პარლამენტში?

 

-საქართველოს პარლამენტში ახალი ძალები ნამდვილად გამოჩნდება ჩვენი სახით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი შემადგენლობა. 

 

თუ ის პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, წარმატებით წარიმართა, წარმატებული და შედეგიანი იქნება, მაშინ მე მივმართავ ხალხს, მოგვცეს მანდატი, იმისათვის, რომ ეს პროექტი ხელშეკრულებად ვაქციოთ და მოხდეს მისი რეალიზაცია.

 

საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება იმ პოლიტიკური ძალების გარშემო, ვინც ამ პროექტის ირგვლივ იმუშავებენ და წარსდგებიან ამომრჩევლის წინაშე. 

 

ჩვენ საკმაოდ წარმატებულ გამოსვლას ვგეგმავთ, რადგან მაღალი რეიტინგი გვაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 11% გვაქვს აღებული. მაგრამ, ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს. 

 

ამიტომ, ვცდილობთ ეს მნიშვნელოვნად გავზარდოთ და გამარჯვებულები დავრჩეთ ამ საპარლამენტო არჩევნებში. ვფიქრობთ, რომ ამის პერსპექტივა არის და ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენ აღარ დაუშვათ მსგავსი ძალების მოსვლა ხელისუფლებაში! 

 

-სიტყვამ მოიტანა და პოლიტიკაში შემოსვლას ცდილობენ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.

რამდენად სარწმუნოდ გეჩვენებათ ეს სურვილი და რა შანსი შეიძლება ჰქონდეთ მათ არჩევნებში?

 

-ჩერნოვეცკზე წარმოდგენა არ მაქვს თუ ვინაა, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს ჯერ არ მომისმენია და სანამ არ მოვისმენ, მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამ საკითხზე, გარკვეული გამოცდილება მაქვს.

 

-ყველას აინტერესებს, თუ რა პროპორციით იქნება წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.ზოგი ვარაუდობს, რომ ისინი მხოლოდ ბარიერს გადალახავენ, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ორგანიზმი, საერთოდ თამაშგარე პოზიციაში აღმოჩნდება...

 

თქვენი კომენტარი...

 

-ხელისუფლება ფარულ გარიგებაში რომ არ იყოს, ე,წ კოჰაბიტაციაში "ნაციონალურ მოძრაობასთან", აქამდე ეს პარტია საერთოდ გაქრებოდა.

 

თუ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში ეყოფა ძალა იმისთვის, რომ თავის ფლანგზეც იბრძოლოს და "ნაციონალური მოძრაობის" გათელვაზეც იმუშაოს, მაშინ, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გადალახავს ბარიერს. თუ მათ ორივე ფლანგზე ბრძოლა ვერ შეძლეს, მაშინ ისინი ბარიერს გადალახავენ!

 

    ესაუბრა მედეა შელია

 

16-12-2015, 10:58
უკან დაბრუნება