ივერიონი / შალვა ოგბაიძე: კანონმორჩილ მძღოლებს არაფერი ემუქრებათ!

შალვა ოგბაიძე: კანონმორჩილ მძღოლებს არაფერი ემუქრებათ!

 

„ივერიონს“ საგზაო მოძრაობის წესებში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო  ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე ესაუბრა.

 

-ბატონო შალვა, რა კომენტარს გააკეთებდით საგზაო მოძრაობის წესებში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

 

რამდენად ოპტიმალურია იგი და შეუწყობს, თუ არა ხელს მძღოლების მხრიდან გახშირებული დარღვევების მინიმალურამდე დაყვანას?

 

-მინიმუმამდე დაყვანაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ გარკვეულწილად, რომ შეამცირებს ამაში დარწმუნებული ვარ. ესაა ევროპული წესი - საჯარიმო ქულების დარიცხვის წესი ზღუდავს  უტიფარ და თავხედ მძღოლებს, რომლებსაც აქვთ თანხა ნებისმიერ დარღვევაზე გადასახდელად.

 

როდესაც 4-ჯერ, 5-ჯერ, ადამიანი 60 კმ/სთ სიჩქარის მაგივრად 160 კმ/სთ სიჩქარით დადის, ესაა საზოგადოების გამოწვევა, რომ მას არ ადარდებს არა თუ საკუთარი სიცოცხლე, არამედ, სხვა თავისი თანამოქალაქეების სიცოცხლეც. ასეთი ადამიანი საჭეს დროებით აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს.

 

გერმანიაში ასეთი დარღვევების განმეორების შემთხვევაში გადიან სპეციალურ ტესტს, რომელსაც გერმანიაში „იდიოტების ტესტს“ უწოდებენ. ფსიქოლოგიური სპეციალური 10 სეანსიანი კურსია და მაგის გარეშე გამოცდაზე არც კი დაუშვებენ!

 

ასე, რომ ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს გარკვეულწილად შეამცირებს, მაგრამ, საერთოდ გადასახედია მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო საკვალიფიკაციო თამასა - სახელმწიფო ძალიან მარტივად, ძალიან იოლად, დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნის საფუძველზე ანიჭებს მართვის მოწმობას ამა თუ იმ მოქალაქეს და შემდგომ თვითონვე სჯის იმის გამო, რომ მათ ქუჩაში მოძრაობის წესები არ იციან სრულყოფილად და არ გააჩნიათ ის უნარ-ჩვევები, რაც უსაფრთხო გადაადგილებას და ავტომობილის მართვას უზრუნველყოფს!

 

ამიტომ,  გამოცდების ჩაბარების მეთოდიკა, განათლების ის სეგმენტი, რომელიც მაღალი სამგზავრო კულტურის მქონე ადამიანების გამოშვებას უზრუნველყოფს, უნდა მოწესრიგდეს და ერთმანეთთან აუცილებლად თანაფარდობაში უნდა იყოს!

 

-რამდენადაც ვიცით, მძღოლების მნიშვნელოვანი ნაწილი, აღნიშნული ცვლილებებით უკმაყოფილოა. ზოგი ამას „ფულის საჭრელ მანქანას“ უწოდებს, რადგან, აღნიშნული სანქციები, ანუ ქულათა სისტემა, მასობრივად გამოიწვევს მართვის მოწმობის გაუქმებას, რისი ხელახალი აღებაც გარკვეულ ფინანსებს უკავშირდება.

 

არის თუ არა მზად მენტალურად საქართველო ასეთი მკაცრი სანქციებისთვის? ხომ არ იქნება ესეც ბიუჯეტის შევსების დამატებითი წყარო?

 

-მე მაქვს ასეთი კონტრშეკითხვა: ქართველი კაცი როგორც კი ჩადის გერმანიაში, ჰოლანდიაში - რატომ ხდება კანონმორჩილი და რატომ გარდაიქმნება ხოლმე მისი მენტალობა მყისიერად და რატომ იყურება გაფაციცებით აქეთ-იქეთ, რომ არ დააჯარიმონ, რატომ ხდება, რომ მხოლოდ საქართველოში აქვს ეს მენტალური პრობლემა?! ამისთვის არსებობს კანონი! 

 

მახსოვს ის პერიოდი, როდესაც უსაფრთხოების ღვედების კულტივირებას და პროპაგანდას ვეწეოდით. ქართველი კაცი ვერ იტანს ჩარჩოებს! ესვრება თეთრი პერანგი უსაფრთხოების ღვედით, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და ყურით მოთრეული არგუმენტები! 

 

ქართველი ბუნებითაა კანონმორჩილი. მოდი პარალელი გავავლოთ სკოლასთან: როდესაც გამოაცხადებდნენ, რომ ხვალ იქნება საკონტროლო წერა, ვის ეშინოდა ამ დროს? - ოროსან მოსწავლეს, იმას, ვინც არ იცის, თორემ ვინც იცის, მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, თუ როდის იქნება საკონტროლო წერა. ასე, რომ, ეს არ ემუქრება კანონმორჩილ მძღოლებს! ეს განკუთვნილია ისეთი ტიპის მძღოლებისთვის, რომლებიც ქართულ მენტალობაზე საუბრობენ. ჩვენ თან გვინდა ევროპაში, თან გვინდა ქართული მოუწესრიგებლობით შევიდეთ - ეს არ გამოვა!

 

ასეთი შეკითხვის მქონე ადამიანები უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება. პირადად მე მინდა ევროპული წესრიგის ქვეყანაში ცხოვრება!

 

-ბევრს ეჭვი ეპარება დღევანდელი პატრულის შინაგან პატიოსნებაში, ანუ იმაში, რომ მათი სანქციები ყოველთვის ობიექტური იქნება.

 

თქვენი კომენტარი...

 

-მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩემი დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი ცნობილია, ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ პატრულს, ან ქრთამი აეღოს, ან თითიდან გამოწოვილი რაღაც მიზეზის გამო ჯარიმა გამოეწეროს! 

 

სხვა სტრუქტურა ამას აკეთებდა, მაგრამ დღეს მე ეს ფაქტი არ მახსენდება. 

 

თუ ეს ფაქტი არსებობს, მე თქვენთან ერთად დავიწყებ ამის გამოსწორებას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და როგორც საკრებულოს დეპუტატი. ბრძანეთ ასეთი ფაქტი და ნახავთ, რაც მოუვა იმ ადამიანს ვინც ასეთ რამეს გაბედავს!

 

-როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ეკოლოგიური პრობლემა მწვავედ იჩენს თავს. ეკოლოგიური დაბინძურების ერთ-ერთი წყარო გაუმართავი მანქანებია. შეუწყობს, თუ არა ხელს ამ სანქციების ამოქმედება ეკოლოგიური პრობლემების შემცირებას?

 

-ნაწილობრივ შეუწყობს იმდენად, რამდენადაც შემოთავაზებულ ცვლილებებში გათვალისწინებულია ძალიან ძველი ავტომობილების რამდენადმე შეზღუდვა. აგრეთვე, წახალისებულია ახალი ავტომობილების შემოყვანა გამბაჟების ტარიფების შემცირებით. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. 

 

-საინტერესოა თქვენი აზრი მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით, რომლის რეგისტრაციაც მომავალი წლიდან იკრძალება. რა ბედი ეწევათ უკვე შემოყვანილ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და თქვენ, როგორც პროფესიონალი, ხედავთ, თუ არა ავარიების გახშირების მიზეზს ასეთი სატრანსპორტო საშუალების შემოყვანაში?

 

-ცვლილება, რომელიც ეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილს, არ ეხება შემოყვანილ  ავტომობილებს. ეს ეხება კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში შემოყვანილ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს.

 

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მონაწილეობით, ასეთი სტატისტიკა, ასეთი კლასიფიკაცია სამწუხაროდ არ არსებობს. საუბარი იმაზე, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები იკრძალება იმიტომ, რომ ისინი გახშირებული ავარიის მიზეზია - ეს საკითხის უტრირებაა!

 

ადამიანი, რომელმაც ისწავლა და გამოცდა ჩააბარა მარცხენა საჭიან ავტომობილზე, ხოლო მართვის მოწმობის აღების შემდეგ დაჯდება მარჯვენასაჭიან ავტომობილზე, მას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ჩვენს გზებზე გადაადგილებისას -  პრობლემა გამოიხატება: სიარულის დისკომფორტში, სამოძრაო ნაკადის შეფერხებაში, პარკირების გაძნელებაში, მარცხნივ მოხვევის რადიუსის შერჩევაში. ეს რისკ-ჯგუფი ყოველდღიურად იზრდება 80-100 ადამიანით! ყოველდღე 100 ასეთი ადამიანიდან 50 მარჯვენასაჭიან ავტომობილს რომ მიუჯდება, ესაა კატასტროფის ტოლფასი! უახლოეს 2 წელიწადში ჩვენს დედაქალაქში გავლა შეუძლებელი გახდება. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოება, უნდა ჩამოვყალიბდეთ. სჯობს იყოს მარტო მარჯვენასაჭიანი მანქანების ქვეყანა. ეს უფრო გაიოლდება, ვიდრე,  მარჯვენა და მარცხენა ერთდროულად ტოლი თანაფარდობით!

 

        ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

16-12-2015, 16:44
უკან დაბრუნება