ივერიონი / რა საკითხთზე მართავს საჯარო რეესტრი კონფერენციას?

რა საკითხთზე მართავს საჯარო რეესტრი კონფერენციას?

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენციას მიმდინარეობს. ღონისძიებას იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც NSDI-ს პროექტში არიან ჩართულები. მონაწილეები 2015 წლის განმავლობაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებსა და აქტივობებს აფასებენ.

 

ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროების წარმომადგენლები პროექტის საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სტრატეგიებსაც გაეცნობიან, დაიგეგმება სამომავლო აქტივობებიც. კონფერენციის მეორე ნაწილი კი სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და იმ პროექტების წარდგენას დაეთმობა, რომელთა განხორციელებაც გეოგრაფიულ მონაცემებს უკავშირდება.

 

კონფერენციას ესწრებიან იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტორების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები. 

 

ეროვნული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც NSDI-ის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უწევს.

 

ეროვნული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და ვებპორტალის(გეოპორტალის) საშუალებით, დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი.

 

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

17-12-2015, 12:20
უკან დაბრუნება