"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატი, ლევან თარხნიშვილი საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ახალი სატრანსპორტო საშუალების შეძენის წახალისება მოხდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ხნის წინ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა წარმოადგინა, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია. ოფიციალურად პროგრამა ეკოლოგიური მდგომარეობისა და გზებზე უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. თუმცა, ამ გაცხადებულ მიზეზსა და რეალობას შორის, განსხვავება დიდია. რეალურად ხალხმა მიიღო ახალი, ხელოვნური რეგულაციები, ავტომობილებზე ფასების ზრდა და ისედაც გაჭირვებულ ხალხს, იმის საშუალებაც ეცლებათ ხელიდან, რომ ფული გამოიმუშაონ.
რაც შეეხება მართვის მოწმობის ახალ რეგულაციებს, ეს ერთადერთ ასოციაციას იწვევს - საბჭოთა კავშირის დროს არსებული ტალონები, რომელთაც გაიშნიკები ხვრიტავდნენ და შემდეგი იძულებული ხდებოდი ხელახლა ჩაგებარებინა გამოცდა, ან მათთვის ქრთამი მიგეცა.
დღეს კიდევ ერთ გენიალურ, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებას წარმოგიდგენთ. მისი მიზანია ახალი სატრანსპორტო საშუალების შეძენის წახალისება და შემოდის ავტომობილებზე დიფერენცირებული გადასახადი იმის მიხედვით, თუ რომელი წლის გამოშვებაა. რეალურად 1-დან 3 -წლამდე ავტომობილებზე ფასი უცვლელია, ანუ ახალი ავტომობილების შეძენის მსურველებისთვის არაფერი იცვლება, ამის სანაცვლოდ იცვლება 9-დან 12-მდე ავტომობილების ფასი და 12 წლის ზემოთ ავტომობილების შემოტანის ფასი, 100%-ით იზრდება. არადა, საქართველოში, მოთხოვნა, სწორედ ამ ასაკის მანქანებზეა" - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.