„ივერიონს“ აქტუალურ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
-ბატონო გია, თითქმის ორი კვირაა ატეხილია აჟიოტაჟი მანანა კობახიძესთან და ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, რომლებსაც აბრალებენ, რომ თითქოს ისინი პოლიტპატიმართა სიების შედგენისას მიკერძოებას იჩენდნენ, მეტიც, ხელი მოითბეს...
საქმე ეხება პატიმართა შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ბრალდებას, რომელიც მან საჯაროდ დააფიქსირა და ხელი მოქმედი პარლამენტარებისკენ გაიშვირა.
რამდენადაც ვიცით, უკვე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, როგორც კობახიძე და ბესელია, ასევე ელისაშვილიც...
თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? რამდენად არსებით დანაშაულთან გვაქვს საქმე?
-არ მინდა ასე ვარაუდებით საუბარი. ჩემთვის არცერთი მხარე არაა სულერთი - ორივე მხარეზე შემტკივა გული. აქედან გამომდინარე, არ მინდა ემოციურად დაუფიქრებელი განცხადებები გავაკეთო. სანამ ფორმალურად მიმდინარეობს ძიება, წინასწარი შეფასებისგან თავს შევიკავებ.
თუმცა, ვფიქრობ, რადგან ესაა პოლიტიკური კონტექსტი და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, ალბათ, პოლიტიკურად გამართლებული იქნებოდა, რომ ქალბატონ მანანას და ქალბატონ ეკას დროებით შეეჩერებინათ თანამდებობრივი სტატუსი. საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით, რათა არ გაჩენილიყო გამოძიებაზე ზეწოლასთან დაკავშირებული განცდა. განსაკუთრებით ეკას შემთხვევაში, ვინაიდან, იგი საპროკურორო საბჭოს წევრია და დღევანდელი მთავარი პროკურორის არჩევნებში სერიოზული მონაწილეობა აქვს მიღებული.
ჩემი აზრით, მათი მხრიდან ამ ნაბიჯის არ გადადგმა პოლიტიკური შეცდომა იყო. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს გამოძიება, პოლიტიკური შედეგი უკვე დამდგარია - მათ პოლიტიკურ ავტორიტეტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.
პოლიტიკაში რეალობას არა აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენადაც საზოგადოების განცდას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, გამოძიების მიმართაც გარკვეული კითხვები ჩნდება. პროკურატურა თავიდანვე ძალიან აქტიურ კომენტარებს აკეთებდა ამ საკითხზე, სადაც ჩნდებოდა ეჭვი, რომ რაღაც, რბილად, რომ ვთქვათ, სოლიდურად არ გამოიყურებოდა.
პირველი დღიდან მოყოლებული, როდესაც მთავარი პროკურორის მოადგილემ პირდაპირ კომენტარი გააკეთა და სიცრუე უწოდა ამათ საუბარს, შემდგომში პროკურორის გამოსვლა და სასწრაფო განცხადების გაკეთება, რომ ტელეფონში არაფერი არ აღმოჩნდა, ასევე, კომფიდენციალური გამოძიების, ზვიად ქორიძის დაკითხვის ტექსტის ციხეში აღმოჩენა და იქიდან ზაუტაშვილის პრესკონფერენციის მოწყობა პროკურატურის კარებთან. ეს ყველაფერი პროკურატურას ნდობის კრედიტს არ მატებს, პირიქით ბევრ კითხვებს აჩენს. ცხადია, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ის, თუ როგორ შედის ციხეში მოწმის დაკითხვის ტექსტი და მერე როგორ ხდება დაპატიმრებული ადამიანის მხრიდან კომენტარის გაკეთება...
თუ სასწორზე დავდებთ: ვინ ამბობს მართალს - ქორიძე, თუ ზაუტაშვილი, ბუნებრივია, საზოგადოებაში არავინ იფიქრებს, რომ ზაუტაშვილი ამბობს მართალს და ქორიძე ტყუილს.
ჩემთვის აქ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი: როგორც ჩანს, საქართველოში ზეგავლენით ვაჭრობა გადაიქცა სისტემურ დანაშაულად! ძალიან ბევრი დეპუტატი, თუ ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანი იმისთვისაა ხელისუფლებაში, რომ ამ ზეგავლენით ივაჭროს! ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გიმტკიცდება თანხის აღება, არამედ შეიძლება არც იყოს მატერიალურ დაინტერესებასთან დაკავშირებული, მაგრამ, თუ ამა თუ იმ მიზეზით ლობირებ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას - ეს დანაშაულია! მართალია ნაკლებად მძიმე, მაგრამ 339 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი ამაზე მიუთითებს! სამწუხაროდ არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას...
ამ სკანდალის შემდეგ პოზიტივი ისაა, რომ ბევრი დეპუტატი, თუ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ამის შემდეგ, სანამ ვინმეს დაურეკავს და მოახდენს ლობირებას, კარგად გაზომავს, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ამას. ასე, რომ, მთელ ამ ისტორიას ერთი დადებითი შედეგი აქვს!
-ხომ არ არის ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდება, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით კეთდება. არც ის არის გამორიცხული არჩევნების წინ მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა ვიღაცას აწყობდეს...
-მოდით ფაქტებზე ვილაპარაკოთ. ალეკო ელისაშვილი დღეს არ დაბადებულა, ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. შეიძლება ის ვინმეს თავისი ტემპერამენტით მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს. მაგრამ, ის, რომ ალეკო ელისაშვილი გამოვა და შეგნებულად ტყუილს ილაპარაკებს, მგონია, რომ ამის არავის არ სჯერა. რბილად რომ ვთქვათ არადამაჯერებელიც იქნებოდა. ასე, რომ ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია.
რატომღაც ვიღაცეები ცდილობენ ეს ყველაფერი ამ კუთხით წაიყვანონ, რაც სრული სისულელეა და მაინც არ გამოუვათ!
-მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებენ ვიდეო-კადრებს, რომელიც ასახავს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენი ავაკოვისა და ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ურთიერთშელაპარაკების კადრებს, რომელიც შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა.
საითკენ მიდის ეს ყველაფერი? როგორ ფიქრობთ ეს შეიძლება თუ არა იყოს წინასწარ დადგმული შოუ?
-დღეს სააკაშვილი იმ პოპულისტურ ტალღაზეა, რომელიც მან კარგად იცის. ამ ინციდენტმა გამახსენა 2002 წლის დროინდელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთავრობის სხდომის ტრიბუნიდან სურათებს აფრიალებდა და ლაპარაკობდა კორუფციაზე, ავაკოვი კი ძალიან ჰგავს მაშინდელ „რკინის კაცს“ - კახა თარგამაძეს. ანუ, იმ დაპირისპირების მოდელირება დავინახე, რომელიც 2002 წლის საქართველოში მიმდინარეობდა.
ამ ურთიერთშელაპარაკებით, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილმა მეორე სიცოცხლე მიიღო. თუ გავიხსენებთ რა განწყობა იყო მაშინ საქართველოში და რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა, დაახლოებით, პოპულისტური გაგებით, უნდა ვთქვათ, რომ უკრაინაში გუშინდელი სცენით სააკაშვილს არაფერი არ წაუგია, მან მხოლოდ მოიგო!
ამ ყველაფერს წინასწარ დადგმა არ სჭირდება, ესაა სისტემური ბრძოლა ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი დღეს ათამაშებს, ანუ ამზადებს 2003 წლის რევოლუციის ანალოგს უკრაინაში. თუმცა, იქ ეს ბრძოლა გაცილებით მძიმე იქნება! საქართველოში სხვა სიტუაცია იყო...
ესაა ბრძოლა, რომელშიც არცერთი მხარე არაა მართალი. უკრაინის მოსახლეობას გარკვეულწილად „თაფლობის თვე“ აქვს სააკაშვილთან. ისინი არ იცნობენ მას და არ იციან, რას უნდა ელოდონ მისგან. შესაბამისად, მათ ის მოსწონთ!
ამიტომაც, გასაკვირია, რომ თვითონ ავაკოვმა გაავრცელა ეს კადრები. მეეჭვება ამან მის სასარგებლოდ იმუშაოს. როცა ადამიანი ვერ წვდება ამდენს და თვითონ ხდება დისტრიბუტორი ასეთი კადრების, ეტყობა, მას უკვე არც ინტელექტის და არც პოლიტიკური რესურსების მხრივ არ აქვს საქმე კარგად. შესაბამისად, ის ცუდად დაამთავრებს, ან რაღაც სხვა ტიპის საშინელება მოხდება უკრაინაში!
ესაუბრა კარინა გრიგორიანი