ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ, სოზარ სუბარის შეფასებით, ძნელია დაიჯერო რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები, თუმცა თუკი რუსეთი უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან კარგი იქნება.
„რუსეთის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზო მიმოსვლის საშუალება და თუკი რუსეთი იგივე ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება ძალიან კარგი ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქისთვის, ვინც არის რუსეთში და იმ კიდევ უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის, ვისაც შეიძლება სურვილი აქვს რუსეთში წავიდეს სამუშაოდ, ბიზნესისთვის ან რაიმე სხვა მიზნით.
ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინი არის ძალიან კარგი იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა არიან დარჩენილი, იქნება ეს აფხაზეთი თუ ცხინვალის რეგიონი, მაგრამ მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ისინი ევროპაში მოგზაურობისთვის აიღებენ საქართველოს პასპორტს, ამავედროს ამ პასპორტით მათ შეეძლებათ რუსეთშიც თავისუფლად სიარული. ასე რომ, ამას ორმაგი დატვირთვა აქვს.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ თუ ქართველები, აფხაზები და ოსები მოილაპარაკებენ, ამ შემთხვევაში რუსეთი ამას მიიღებს, ნამდვილად არა ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ასე უაპელაციოდ მივიღოთ ეს სიტყვები და დავიჯეროთ, თუმცა ცხადია, სჯობს თუნდაც დეკლარირების დონეზე ასეთი განცხადებების გაკეთება. მე ამასაც მივესალმები - ეს ჩემი პირადი აზრია და ამ შემთხვევაში არ გამოვხატავ გუნდის აზრს, იმიტომ რომ, შეიძლება, ვიღაცა უფრო სკეპტიკურად იყოს განწყობილი", - განაცხადა სუბარმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.