ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ ჩვენი წინაპრების ოცნება ავიხდინეთ!

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ ჩვენი წინაპრების ოცნება ავიხდინეთ!

საქარტველოს პრემიერ-მინისტრლ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მრავალი თაობის და წინაპრების ოცნება ახდა.

 

ევროკომისიის მიერ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო მიმართვა გააკეთა და დღევანდელ დღეს "ისტორიული" უწოდა.

 

 

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ველოდით. კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა.

 

ეს არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე! სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზალიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია გარკვეული ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა ჩვენი განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, საქართველოს წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე, ის თანმიმდევრული ძალისხმევა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. ამ შრომამ ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი სახელმწიფო ვართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის. 

 

"დღეს ჩვენ თანამედროვეთა და მრავალი თაობის, ჩვენი წინაპრების ოცნება ავიხდინეთ. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით შედეგი მიღწეულია. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება. ევროპელებთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან - სულ მალე ეს ყველაფერი სრულიად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. შეგეძლებათ ევროპაში ბარიერების გარეშე იმოგზაუროთ ოჯახთან ერთად, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში და ა.შ. ევროპასა და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი. ასევე, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში ვიღებთ. ჩვენ ეს გზა ერთად გავიარეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის მეტაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ პირს, რომელმაც აღნიშნული მიზნის მიღწევაში წვლილი შეიტანა. პრემიერის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ მთავარი ღირებულება – თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები.

 

"ევროპა არის არა უბრალოდ რაციონალური არჩევანი, არამედ ეს ჩვენი ისტორიული სახლი. ამ სიტყვაში – ევროპა - განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც ჩვენი ერი მიისწრაფის. ეს არის თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და თანასწორობა, მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისათვის, განვითარების პირობები ყველასათვის. რაც მთავარია, ესაა ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების ახალი სივრცე. ესაა გზა საქართველოს ერთიანობისკენ. მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენ ქვეყანას მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის. დადგება დღე, როცა ისინიც სრულად ისარგებლებენ სიკეთეეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ და ჩვენი ხალხის ამ დიდ გამარჯვებას! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განამარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

19-12-2015, 18:46
უკან დაბრუნება