„ივერიონს“ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.
-ბატონო დიმიტრი, ვიზა-ლიბერალიზაციის თემამ ბოლო დღეების მედიასივრცე მთლიანად დაიპყრო. ზოგი ამ გადაწყვეტილებაში, საქართველოს ხელისუფლების გამარჯვებას ხედავს, ზოგს ქართველების საქართველოდან გაქცევის წინაპირობად ესახება.
მაინც რა არის ვიზა-ლიბერალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები და რა გავლენას მოახდენს იგი ზოგადად საქართველოს მომავალზე?
-ვიზა-ლიბერალიზაცია გახლდათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების პოზიტიურად შესრულების შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს უნდა დაწყებულიყო. ვინაიდან 2006-2011 წლები სწორედ, სამოქმედო გეგმის განხორციელების პერიოდი გახლდათ. სამწუხაროდ, განსხვავებით მოლდოვასგან, ჩვენ 2 წლით ჩამოვრჩით ვიზა-ლიბერალიზაციის თემას, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უვიზოდ მიმოსვლის ფარგლებში უნდა მიგვეღო. მოლდოვამ ეს 2013 წელს მიიღო.
სამწუხაროდ, 2015 წლის დედკემბერში, ჩვენი მოლოდინები, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებასთან იყო დაკავშირებული, ჯერ მხოლოდ ტექნიკური მზაობის ფარგლებში განიხილება, ანუ - 2016 წელს რეალურად, კენჭისყრით მოხდება საკითხის დაყენება ევრო პარლამენტში. მანამდე კი ძალიან რთული პროცედურებია გასავლელი.
თუმცა, ის ფაქტი, რომ საქართველოს საშინაო დავალებად უთვლიან, ამ ბოლო წლების განმავლობაში მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების მიღებას, ვფიქრობ სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო საიმისოდ, რომ ჩვენ მალევე მიგვეღო ვიზა-ლიბერალიზაცია...
-პუტინის განცხადება, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმებს, ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვიზა-ლიბერალიზაციის დადებითი დასკვნიდან გამომდინარე, იძულებითი განცხადება გააკეთა.
-თქვენი აზრით, რა კავშირშია ერთმანეთთან, ვიზა-ლიბერალიზაცია და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება?
რამდენადაც ვიცით, ვიზა-ლიბერალიზაცია, რუსეთისგან განსხვავებით დასაქმების უფლებას არ იძლევა...
-ვფიქრობ, ეს უნიკალური შანსია საქართველოსთვის, გაამართლოს ის ძირითადი თეზა, რომელიც მის გეოსტრატეგიულ მდებარეობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვიმყოფებით, აღმოსავლური და დასავლური რაციონალიზმის გზაჯვარედინზე. აქედან გამომდინარე, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთდროულად გვეძლევა შესაძლებლობა, ფანჯარა გავხსნათ ევროპაში და ამავდროულად რუსეთთან აღდგეს სტატუს-კვო უვიზო მიმოსვლისა და არ მინდა, რომ მისი განხილვა, რაიმე დაპირისპირების კონტექსტში მოხდეს!
დღეს საქართველოს უფრო მეტად სჭირდება რუსეთი, ვიდრე, რუსეთს საქართველო! იმ სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ექსპორტის 65% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან მოდის. ვგულისხმობ, ღვინოსა და ღვინისპროდუქტებს, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს.
ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვნად განგვასხვავებს უკრაინისგან. ასე, რომ საქართველოსა და უკრაინას ერთ კონტექსტში ხსენება, რომელსაც ჩვენი ლიბერალი კოლეგები ძალიან ხშირად შეგვახსენებენ ხოლმე, არაფრის დიდებით არ იქნება სწორი! საქართველოს აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, უკრაინას განსხვავებული და უფრო მეტად რთული.
დღეს ჩვენთვის უმთავრესია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასის განსაზღვრა, რომლის გასაღებიც რუსეთის ფედერაციაში დევს და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება დღემდე თვალს ვერ უსწორებს!
ამიტომ, საჭიროა ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთ ეროვნულ პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური ძალა (როგორიც გახლავთ „დემოკრატიული მოძრაობა“), რომელსაც თანაბარი თვალითა და რესურსებით შეეძლება დიალოგი იქონიოს, როგორც ევროპასთან (ანუ დასავლეთთან), ასევე ჩრდილოეთთან.
ესაუბრა მედეა შელია