"ჩვენ ვამკვიდრებთ თვისობრივად ახალ, პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს ხალხისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება შესაძლებელი გახადა ფასეულობათა არსებითმა განსხვავებამ წინა ხელისუფლებისგან.
“ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი. მისი კეთილდღეობა, მისი უფლებები და თავისუფლებები. მშვიდობიანი გარემო მისთვის. განვითარების პირობები თითოეული მოქალაქისთვის. არა ცალკეულთა ფუფუნება, არამედ ყველა მოქალაქის კეთილდღეობა და დაცულობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფასეულობებმა განაპირობა ხელისუფლების პირველი მონაპოვარი - თავისუფლება და სტაბილურობა ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების მთავარ მიღწევებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან; დეპოლიტიზირებულია პოლიცია; შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებისთვის - ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ, არ მოითხოვენ მისგან პოლიტიკურ ლოიალობას; უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, ხელისუფლების ჩაურევლობა მედიაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა; საარჩევნო, თვითმმართველობის, შრომის კოდექსის, სხვა
კანონთა ცვლილებებით მომზადდა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად; ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციას; ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები; მმართველობის სისტემა გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა.
„კარგად გვესმის, რომ თავად ინსტიტუტები ძლიერია, თუკი მას მართავენ ძლიერი ლიდერები, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი ადამიანები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მიღწევებს შორის ასევე დაასახელა საბიუჯეტო სისტემის გამჭირვალობის ზრდა და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა მსოფლიო ბანკის ,,მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა“, რომლის მიხედვით, ბოლო სამი წლის შედეგებით საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა მრავალი პარამეტრით, მათ შორის, მთავრობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის კლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით.
„ხაზი უნდა გავუსვა მიღწევას, რომლის უკან ხელისუფლების დიდი ძალისხმევა დგას - უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში გონივრული, პრაგმატული, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურსით საქართველოს ხელისუფლება ახერხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს თბილისის საკრებულოში, ამ წუთებში წარადგენს.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.