უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე არასაკმარისად მიიჩნევს მოსამართლეთა შერჩევის არსებულ პროცედურებს. მისი თქმით, უნდა არსებობდეს გასაუბრების ეტაპზე კონკურსში დასასმელი კითხვებიც.
როგორც გვენეტაძემ სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ორგანიზებული ფორუმის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუშაობს.
"შერჩევის პროცედურები არსებობს, მაგრამ არ არის საკმარისი. ყველა გამჭვირვალე პროცედურა უნდა არსებობდეს მოსამართლის წარსული საქმიანობის შესაფასებლად და ამავდროულად საბჭოში გასაუბრების ეტაპზე კონკურსში დასასმელი კითხვებიც უნდა არსებობდეს, რაც გამოკვეთს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და კვალიფიციურობის დონეს. ეს საკითხები იხილება დღეს და გათვალისწინებული იქნება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რომელიც არსებობს, საკმარისი არ არის.