ივერიონი / იოსებ სტალინიდან _ მიხეილ სააკაშვილამდე, ანუ რას „ვზეიმობთ“ 21 დეკემბერს?!

იოსებ სტალინიდან _ მიხეილ სააკაშვილამდე, ანუ რას „ვზეიმობთ“ 21 დეკემბერს?!

შემთხვევით სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტს წავაწყდი: „ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ყველაზე უძლიერეს ქართველს დაბადების დღეს“. მეგონა „ფეისბუქმა“ ძველი ტექსტი ამოაგდო, მაგრამ, არა _ დღევანდელი აღმოჩნდა“

 

ისიც გავიფიქრე, შეიძლება ტექსტის ავტორმა იხუმრა-მეთქი, თუმცა, კომენტარებიც აღნიშნული ტექსტის გაგრძელება აღმოჩნდა. დიახ, მიხეილ სააკაშვილი ზოგიერთისთვის დღესაც საქართველოს პრეზიდენტია _ ისეთივე „ძლევამოსილი“, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო.

 

მილოცვას რა უდგას წინ _ სააკაშვილი, მოგწონს თუ არ მოგწონს, ისეთივე ღვთისშვილია, როგორიც თითოეული ჩვენგანი, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მან საკუთარი მარიფათით და ჩვენი ბედოვლათობით მოახერხა საქართველოს მთელი ცხრა წლის მანძილზე თავზე დაჯდომოდა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და მაოხრებელი გზირისა არ იყოს, საკუთარი განცხადებებით თუ ავანტიურისტული ჩანაფიქრებით დღესაც არ აძლევს მოსვენებას!

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც მართლმადიდებელი, დაბადების დღეს მეც ვულოცავ. ვულოცავ არა როგორვ ექს-პრეზიდენტს, არამედ, როგორც ჩვეულებრივ თანამემამულეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე ნებაყოფლობით თქვა უარი!

 

დაბადების დღე იქით იყოს, მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ სააკაშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში (ამის მიზეზად კოჰაბიტაციით მიღებულ ანარქიას ასახელებენ) და იგი თავის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. თუმცა, რა არის ბოლომდე მისაყვანი, არავინ აკონკრეტებს!

 

აქვე ერთი მაგალითი მახსენდება კომუნისტური ეპოქიდან. სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონს გასული საუკუნის 80-იან წლებში საკმაოდ „მკაცრი“ და „შეუვალი“ რაიკომის მდივანი ჰყავდა _ ყველას შიშის ზარს სცემდა. მტისას თუ ვინმეს გადაეკიდებოდა. შიში შეიქმს სიყვარულსო _ ამ შემთხვევაში ეს ხატოვანი გამოთქმა ზედგამოჭრილი იყო. ეშინოდათ, მაგრამ უყვარდათ, ყოველ შემთხვევაში, მის მიმართ მოწიწებას გამოხატავდნენ. სამწუხაროდ უკურნებელი სენი შეეყარა და მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს საპარიკმახეროში მომიწია შესვლამ. ჩემი „ოპერატორი“ ჩურჩულით მეუბნება: „ეს მდივნის ძმაა“-ო და ახალგაზრდა ჭაღარაშერეულ მამაკაცზე მითითებს. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, სკამზე რაიკომის მდივნის ძმა კი არა, თავად მდივანი იჯდა. სხვათაშორის, ასეთი დამოკიდებულება მათ დიდხანს გაყვათ...

 

ასეა სააკაშვილთან მიმართებაშიც - ზოგიერთისთვის იგი ისევ პრეზიდენტია, ზოგიერთისთვის კი... მომავალი პრეზიდენტი, რომელიც ამ ქაოტურ სიტუაციას ისევ „დაალაგებს“.

 

თუმცა, რაღა სააკაშილს ჩავაცივდით - 21 დეკემბერი სწორუპოვარი ქართველი მხედართმთავრის, მსოფლიო ტიტანების მიერ აღიარებული გენიოსის _ იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) დაბადების დღეა.

 

რაც არ უნდა უარყოფით კონტექსტში მოინდომონ თანამედროვე ლიბერასტებმამისი პერსონის დახასიათება, სტალინი იყო, არის და მომავალშიც დარჩება როგორც სიმბოლო სულიერი სიმტკიცისა, რომელმაც კავის რუსეთი არა მარტო ზესახელმწიფოდ აქცია, არამედ სათავე დაუდო საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი პრინციპების დამკვიდრებას.

 

მართალია, როგორც ნებისმიერი ძალად შეკოწიწებული იმპერია, საბჭოთა კავშირიც საბოლოოდ განწირული იყო კრახისთვის, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აკნინებს სტალინის, როგორც უნიჭიერესი სტრატეგიის და ასევე უიშვიათესი ფენომენის როლს მსოფლიო ისტორიაში.

 

რაც შეეხება სტალინის სახელთან დაკავშირებულ იდეოლოგიურ მარწუხებს, თუ სისხლიან რეპრესიებს, რომლის გამართლება ადამიანური გადასახედიდან თითქმის შეუძლებელია, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ მან ისეთი სისტემა შექმნა, რომლის მთავარი მიზანი ადამიანზე ზრუნვა და თანასწორობის პრინციპის დამკვიდრება იყო. ეს ყველაზე შთამბეჭდავად ჩანს დღეს, როცა ძლიერნი (მდიდარნი) ამა ქვეყნისანი სასიცოცხლო არტერიის გადაკვეთით საფრთხეს უქმნიან (სასიკვდილოდ წირავენ) მილიონობით უქონელთა ფიზიკურ არსებობას!

 

ასე რომ, 21 დეკემბერი არა მარტო „ძლევამოსილი“ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ერთი ქართველი გენიოსის - იოსებ სტალინის დაბადების დღეა. რაც არ უნდა მოინდომონ, სტალინს მსოფლიო ისტორიიდან გაქრობა არ უწერია. საინტერესოა, როგორ შემორჩება სააკაშვილი საქართველოს ისტორიას?!

 

                                   ანდრია ლისაშვილი

21-12-2015, 16:52
უკან დაბრუნება