პროკურატურის საგამოძიებო კომპეტენციას დაქვემდებარებული რიგი საქმეები შსს-ს საგამოძიებო ორგანოების გამგებლობაში გადადის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის სპეციალური ბრძანებიტ გახდა ცნობილი.
იუსტიციის მისნისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, გარკვეული მუხლებით გათვალისწინებული საქმეების გამოძიების პრეროგატივა შსს საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაში გადადის.
ამიერიდან შსს პრეროგატივაა, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 335-ე, 337-ე, 342-ე, 377-ე, 377/1-ე, 377/2-ე და 381-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულებები, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას, სამსახურებრივი გულგრილობას, აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებას, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კერძო აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობას, მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობას, განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ან მის შესრულებისთვის ხელშეშლას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურას სსკ-ის 194-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან (ფულის გათეთრება) დაკავშირებული საქმის ძიების უფლებამოსილება დარჩა.
ამასთან, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის, მთავრობის წევრის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.