„ივერიონმა“ მთავრობის მიერ წარდგენილი სამ წლიანი ანგარიშის შეფასება, ექსპერტს, ვაჟა ბერიძეს სთხოვა.
-ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებთ მთავრობის სამ წლიან ანგარიშს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა?
-დადებითად შევაფასებ, იმდენად, რამდენადაც მასში მოცემულია ტოტალიტარული რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ახალი მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ, ჩატარებული სამუშაოს ძირითადი მონაცემები.
ცხადია, ბევრი პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩა. განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.
შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთება დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვანი ფუნქციონირების მიღწევის თვალსაზრისითაც, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ის მემკვიდრეობა, რომელშიც ივანიშვილის ხელისუფლებას უხდებოდა საქმიანობა და ის გამოწვევები, რომლებიც დღეს, ქვეყნის წინაშე, საშინაო და საგარეო თვალსაზრისით დგას.
სხვა კუთხით, გადადგმული ნაბიჯები, მიმაჩნია, რომ საკმაოდ სერიოზულია და ვფიქრობ, კარგი საფუძველი იქნა ჩაყრილი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ქვეყანაში პროცესები განვითარდეს უკეთესობისკენ.
განსაკუთრებით კი გამოვყოფ ამ პერიოდში მიღწეულ ევროკავშირთან დაახლოების პროცესის წინ წაწევას და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
სხვა თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გამოწვევა და პრობლემა ბევრია, ცხადია, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რათა მმართველ კოალიციას უფრო მიზანსწრაფული საქმიანობა ეწარმოებინა, უფრო კოორდინირებული ყოფილიყო ძალისხმევა სხვადასხვა უწყებებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის, ასევე, უფრო ეფექტური ყოფილიყო კონტაქტი საზოგადოებასთან, პოლიტიკური ძალაც უფრო ქმედითუნარიანი ჩამოეყალიბებინა, როგორც კოალიციის, ისე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ -დემოკრატიული საქართველოს სახით. ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას სერიოზული ხარვეზები აქვს.
თუმცა, საბოლოო ჯამში არ შეგვიძლია ეს საქმიანობა შევაფასოთ კარგად, მაგრამ, შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად!
ესაუბრა კარინა გრიგორიანი