ივერიონი / სოსო ცინცაძე: ღარიბაშვილი პრემიერობიდან იმ პიროვნებამ გადააყენა, ვინც დანიშნა, ანუ, ივანიშვილმა!

სოსო ცინცაძე: ღარიბაშვილი პრემიერობიდან იმ პიროვნებამ გადააყენა, ვინც დანიშნა, ანუ, ივანიშვილმა!

„ივერიონს“ ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელ გადადგომასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, რამ აიძულა ირაკლი ღარიბაშვილი ასე მოულოდნელად წასულიყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან?

 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ფარგლებს გარეთ იქნა მიღებული თუ იგი შიდა ინტრიგებს შეეწირა?

 

-მე უფრო გამიადვილდება გიპასუხოთ არა იმაზე, თუ რამ აიძულა, არამედ, იმაზე, თუ ვინ აიძულა...

 

რასაკვირველია, მას ეს „ურჩიეს“, მაგრამ ეს ისეთი რჩევა-წინადადებაა, რომელზეც, როგორც ვიტო კორლეონე ამბობდა, „უარს ვერავინ ვერ იტყოდა“. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილისთვის სრული მოულოდნელობა იყო. მას ეს საუბარშიც ეტყობოდა- ეს არ იყო მომზადებული ადამიანის გამოსვლა და ამაზე ყველაფერი მეტყველებდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ მას თვალები ცრემლით ჰქონდა აპრიალებული და მან ყველას  მადლობა გადაუხადა, თავის მცირეწლოვან ბავშვებსაც კი, მაგრამ ვინც ის  პრემიერ-მინისტრი გახადა, იმისათვის მადლობა არ უთქვამს! ეტყობა მას ამისთვის საფუძველი ჰქონდა!

 

ჩემი აზრით, ამის მოტივაცია ზედაპირზე დევს-არჩევნები. საარჩევნო წელი მოდის და რაღაც სიახლე იყო საჭირო. მათი მიზანია წინასაარჩევნოდ, საზოგადოების ყურადღება ახალ მთავრობაზე გადართონ, მერე კი თქვან, რომ ახალ მთავრობას ახალი გეგმები და პროექტები აქვსო, რომლის განხორციელებასაც დრო უნდა და ახლა ამ მთავრობასაც ვაცალოთ და ვადროვოთო...

 

რა თქმა უნდა, ის პრემიერობიდან იმავე პიროვნებამ გადააყენა, რომელმაც დანიშნა! 

 

მე გამაოცა უმრავლესობის „ჭკვიანი ადამიანების“ რეაგირებამ. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობაში ახალი სისხლია საჭიროო. მათ ან არ იციან თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში ახალი სისხლის შემოსვლა, ან მთელს ჩვენს საზოგადოებას დეგენერატებად თვლიან!

 

მე მათ ვეკითხები: კვირიკაშვილი შეიძლება კარგი სპეციალისტია, მაგრამ „ახალი სისხლი“ იქნება იგი? „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ეს პიროვნება მინისტრია. ახალი სისხლი იქნებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან მიეყვანათ ხალხი!

 

ასევე, ძალიან შემაშფოთა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომ თურმე თანამდებობაზე  სიკვდილამდე არავინ არ იქნება და ცვლა კარგია. რა არის კარგი, რომ ყოველ ორ წელიწადში პრემიერი ვცვალოთ? ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და მსგავსი რამ, არც არავის უთქვამს!

 

ის ყოველგვარი მიზეზების დასახელების გარეშე გადააყენეს თანამდებობიდან და პრაქტიკულად, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული პოლიტიკისთვის დაკარგულია. მეეჭვება, რომ ის ამ ფსიფოლოგიურ ტრამვას გადაიტანს...

 

-უკვე სახელდება პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურები.

 

თქვენი აზრით, ვინ შეიძლება მოირგოს ეს მანტია და ზოგადად რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს მომავალი მინისტრთა კაბინეტი?

 

-როგორც ჩანს, ამ პოსტზე კვირიკაშვილს დანიშნავენ. უკვე ცხადდება რამდენიმე მინისტრის შეცვლაც. თუმცა, ახლა აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეცვლიან თუ არა დიასპორის მინისტრს. აქ უკვე მინისტრის კი არა, სამინისტროს გაუქმებაა საჭირო.

 

მე მაგალითად, მხარს არ დავუჭერდი ფინანსთა მინისტრის შეცვლას, რადგან, ეს ძალიან რთული სფეროა და ასეა თუ ისე, ხადური უკვე „ლარში ზის“. მან ლარის ყველა „დაავადება“ და „სიმპტომი“ კარგად იცის. ახალი ადამიანი კი სანამ ამ ყველაფერში გაერკვევა, მეშინია ლარი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს!

 

როგორც ჩანს, გარედან „ახალი სისხლი“ და სახეები არავინ არ მოდის, თვითონ შიგნით ხდება ფუნქციების გადანაწილება. მათ ახალი სახეების მიღება დაგეგმილი არ აქვთ!

 

 

                    ესაუბრა მედეა შელია

 

24-12-2015, 14:12
უკან დაბრუნება