„ივერიონს“ უცნაურ ვითარებაში, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე, პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.
-ბატონო ჰამლეტ, რამ აიძულა ირაკლი ღარიბაშვილი ასე მოულოდნელად წასულიყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან?
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ფარგლებს გარეთ იქნა მიღებული, თუ იგი შიდა ინტრიგებს შეეწირა?
-არავითარ ინტრიგებს არ შეწირვია ირაკლი ღარიბაშვილი. ეს უბრალოდ იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც, ერთ მშვენიერ დღეს, უცბად იფიქრა ამის თაობაზე და გაათავისუფლა ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან.
სხვათაშორის, ეს, რომ ივანიშვილის თავში სპონტანურად არ ყოფილიყო მოსული, სამი დღით ადრე ასე რიხით არ გამოვიდოდა ღარიბაშვილი და თავისი მუშაობის და მთავრობის საქმიანობის სამ წლიან შედეგებს არ შეაფასებდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ ამ გამოსვლისას მან ისაუბრა არა მარტო განვლილ სამ წელიწადზე, არამედ, მომავალზეც!
ასე, რომ ეს მოულოდნელი იყო, როგორც ჩვეულებრივი მომაკვდავისთვის, ისე, ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც. და არა მარტო მისთვის, არამედ, ნებისმიერი უმრავლესობის წევრისთვისაც.
შესაბამისად, არავითარ ინტრიგას, წინასწარ დაგეგმილს და შედგენილს, ადგილი არ ჰქონია! ეს ინტრიგა ივანიშვილის თავში მომწიფდა, რომელსაც მან უცბად მისცა გასაქანი!
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ვითარებით, რაც შექმნილია საქართველოში. ამაში გარკვეული წვლილი შეიტანა იმ გამოკითხვამაც, რასაც სისტემურად ატარებენ IRI-ი და NDI-ი.
ამ გამოკითხვის მიხედვით, „ოცნება“ საკმაოდ სუსტად გამოიყურება, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მას მოსახლეობის მხოლოდ 16%-ი უჭერს მხარს. მართალია, გაცილებით ნაკლები აქვთ, ვთქვათ, „ნაციონალებს“ – 10%-ი. მაგრამ, საქმე იმაშია, როდესაც მმართველი პარტია 16%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ პოულობს - ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე კრიზისია. კრიზისი კი გამოწვეულია ყოველდღიური ცხოვრებით, ცუდი მართვის შედეგად - ცუდი ეკონომიკით, ცუდი საფინანსო ვითარებით და ა.შ. ანუ, იმ ყველაფერი ცუდით, რასაც დღეს აქვს ადგილი.
დღეს საქარტველოს მოსახლეობა დაბეჯითებით ამბობს, რომ მდგომარეობა, ამ სამი წლის მანძილზე, გაცილებით ცუდია, ვიდრე, ეს „ნაციონალების“ დროს იყო.
ცხადია, ეს ყველაფერი ვიღაცამ აცნობა ივანიშვილს, თორემ ივანიშვილისთვის საქართველოს პრობლემები აბსოლუტურად არაფერია. ის ქვეყანის პრობლემებს ყურადღებას არ აქცევდა, არ აქცევს და ვერც მიაქცევს, ვინაიდან გამოკეტილია თავის „შუშის სასახლეში“ და არანაირი შეხება არ აქვს საზოგადოებასთან. ის გარკვეულ „ფუტლარში“ ცხოვრობს და როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა ამ ყველაფრის შესახებ და ისიც უთხრა, რომ რადგანაც არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, შესაბამისად უნდა მოხდეს მთავრობის შეცვლა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული შესაძლებელია „ოცნებამ“ კოლაფსი განიცადოს. ანუ, დამარცხდეს არჩევნებში. ეს უკანასკნელი კი, სინამდვილეს შეეფერება...
ბიძინა ივანიშვილის მიზანი ალბათ, ისაა, რომ ახლა, როდესაც დაინიშნება ახალი პრემიერ-მინისტრი, იქნება ახალი მთავრობა და ხალხი უკვე ილაპარაკებს არა იმ გაუსაძლის პირობებზე, რაც გვაქვს ქვეყანაში, არამედ, გარკვეულწილად, ძირითად ყურადღებას გადაიტანს ახალ მთავრობაზე.
ამიტომ, სწორედ ხალხის ყურადღების გადატანითაა განპირობებული ღარიბაშვილის განთავისუფლება და არა რაღაც გარედან ნაკარნახევი, ან თუნდაც შიგნით, პრემიერის საწინააღმდეგო დაჯგუფების აქტიურობით!
-უკვე სახელდება პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურები...
თქვენი აზრით, ვინ შეიძლება მოირგოს ეს მანტია და ზოგადად, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს მომავალი მინისტრთა კაბინეტი?
-ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუ ვინ დასახელდნენ კანდიდატებად, მაგრამ, ერთ-ორი გავიგე. ზოგადად, გვარებს ასახელებენ ხოლმე იმისთვის, რომ რაღაც კონკურენციის (ვითომ კონკურენციის)მაგვარი შეიქმნას საზოგადოებაში, სინამდვილეში კი, რადგან კვირიკაშვილის გვარი დასახელდა, ალბათ, სწორედ ის იქნება პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება მინისტრებს, დასახელდა განათლების მინისტრი, ზაქარეიშვილის გვარიც გაჟღერდა, დასახელდა ფინანსთა მინისტრის გვარიც, უკვე მისი შემცვლელებიც დასახელდნენ და კიდევ ერთი-ორი მინისტრის.
მოგეხსენებათ, ეკონომიკურ გუნდს ძალიან არ ემადლიერება საზოგადოება და ახლა ამ გუნდის შეცვლაა საჭირო და საერთოდ, ამ ვითარების ვითომ გამოსასწორებლად ახალი სახეებია საჭირო.
ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ეს გადაადგილება (პრემიერ-მინისტრის შეცვლა და რამდენიმე მინისტრის), არაა საქმიდან გამომდინარე - ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მომავალ არჩევნებში „ოცნებამ“ არ წააგოს.
საქმიდან გამომდინარე იქნებოდა მაშინ, როცა საერთოდ შეცვლილიყო ეს მმართველობითი სისტემა და სხვაგვარი მიდგომა ყოფილიყო მისდამი.
ამ ვითარებაში უნდა ითქვას, რომ როდესაც ერთი კაცი იმყოფება კულისებში და იქიდან მართავს ქვეყანას, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, ასეთი ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს! სწორედ ესაა მთავარი და არა პრემიერ-მინისტრის შეცვლა-არშეცვლა.
ესაუბრა კარინა გრიგორიანი