ივერიონი / რისი პრეზენტაცია გაიმართა თბილისის მერიაში?

რისი პრეზენტაცია გაიმართა თბილისის მერიაში?

თბილისის მერიაში დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების  კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „გეოგრაფიკმა“ გაიმარჯვა, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით პირველად მოცულობითი კვლევა ჩაატარა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები დაესწრნენ და კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ საკითხზე ღია დისკუსია გამართეს.

 

„პირველადი კვლევა მოწონებულ იქნა, ვინაიდან, საკმაოდ ბევრ ინფორმაციას მოიცავს, რაც ჩვენთვის აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევის შედეგად, ჩვენ, უკვე,  შევქმნით სამუშაო ჯგუფს  კულტურის სამინისტროსთან ერთად. პარალელურ რეჟიმში, სადღესასწაულო დღეების შემდეგ, დავიწყებთ საჯარო განხილვებს სპეციალისტებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, რათა რაც შეიძლება ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი კვლევისა და მისი შედეგების შესახებ, ამასთან, მნიშვნელოვანია ერთობლივად დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები. საჭიროა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ძირითადი ფასეულობების და ღირებულებების შენარჩუნებით მოხდეს და გავაკეთოთ სტრატეგია შემდგომი საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.  

 

ძველ თბილისში არესებული შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილის ავარიულობის გამო, სათანადო კვლევების საფუძველზე, საჭირო გახდა ქალაქის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის განვითარების ფონდმა, კომპანია „გეოგრაფიკის“ მეშვეობით, შესაბამისი კვლევა განახორციელა.

 

კვლევის არეალად განისაზღვრა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ძირითად რუკაზე არსებული 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართით დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლების ნუსხა).

 

თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება ემსახურება ძეგლის სტატუსის მქონე შენობების და ისტორიული ლანდშაფტის ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვას, მართვის გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია საფრთხის წინაშე მდგარი ძეგლებისა და ისტორიული ურბანული ნაწილის შენარჩუნებისთვის. სამუშაოს ფარგლებში ჩატარდა დეტალური კვლევა და მომზადდა  დოკუმენტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ტერიტორიის სივრცითი განვითარების რეგულირებისათვის, საქართველოს კანონმდებლობისა და მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკის შესაბამისად.

 

ამასთან, თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორციელდა შენობა-ნაგებობების აღნუსხვა, რეალური მდგომარეობის ვიზუალური შეფასება და ამ არეალის ძირითადი ნიშან-თვისებების განსაზღვრა. ცალკეულ ზონებზე უკვე განხორციელდა პრიორიტეტების კლასიფიკაცია ავარიულობის ხარისხისა და ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით.

 

შეიქმნა  ქალაქის ურბანული ქსოვილის გაუმჯობესების გეგმაც უბნების მიხედვით, ხოლო თითოეულ უბანში  შეფასდა  არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და დაისახა მათი განვითარების გეგმა. ამჟამად, მუშავდება მიღებული მასალა რომელიც დასამტკიცებლად ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარედგინება.

 

24-12-2015, 16:09
უკან დაბრუნება