„ივერიონს“ გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო პრემიერად დანიშვნის საკითხზე, ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.
-ბატონო მამუკა, კოალიციის უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უკვე დაასახელა გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ვინ დარჩება მთავრობის ძველი სახეებიდან და რა კადრებით დაკომპლექტდება კვირიკაშვილის მთავრობა.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად აფასებს კვირიკაშვილის წარდგინებას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე.
თქვენი აზრით, რამდენად ეფექტური იქნება მისი მთავრობა და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თუ შეიცვლება?
-რასაკვირველია, კვირიკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე, მე პირადად გარკვეულ კონსტუქციულ ნაბიჯებს ველოდები. ის ბევრად უფრო მოქნილი და ნაკლებად ხისტია, ვიდრე ვთქვათ ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მას მენეჯმენტური მართვის გამოცდილებაც მეტი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ის ეფექტური პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს.
რაც შეეხება მისი გუნდის ამბავს, ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ჯერ არ ვიცი, როგორ დაკომპლექტდება მისი მთავრობის კაბინეტი. ხოლო, ჩემთვის ის კანდიდატურები, რომლებიც დასახელდნენ, ზოგი მისაღებია და ზოგიც სრულიად მიუღებელი!
ესაუბრა მედეა შელია